აქტივისტები გამოსახლებებზე მორატორიუმს ითხოვენ

აქტივისტები ყველა ჩანიშნულ გამოსახლებაზე მორატორიუმს მოითხოვენ. ამის შესახებ სპეციალური მიმართვა კეკელიძის ქუჩიდან გაავრცელეს. ეს ის ადგილია, საიდანაც დღეს აღსრულების პოლიციამ მარინა ხატიაშვილის ოჯახი საპროტესტო აქციის ფონზე გამოასახლა.


აქტივისტი ბექა წიქარიშვილი აცხადებს, რომ პარლამენტმა უნდა მიიღოს აქტი, რითაც მორატორიუმი გამოცხადდება, მანამდე კი, უახლოეს დღეებში დაგეგმილ გამოსახლებებსაც გააპროტესტებენ.

„მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენ ვიხილეთ მარინა ხატიაშვილის ოჯახის უპრეცენდენტო ძალადობის გზით გამოსახლება, ვიხილეთ აღსრულების პოლიციასთან ერთად სახელმწიფო ძალადობრივი აპარატი, მათ შორის, პოლიცია, პატრული და სამაშველო სამსახურიც კი. ასევე ვიხილეთ უმნიშვნელოვანესი რამ: სახალხო წინააღმდეგობა და უპრეცენდენტო სოლიდარობა.

სწორედ ამ სახალხო სოლიდარობის და წინააღმდეგობის გატეხვის მიზნით ჩაინიშნა მიჯრით 3 გამოსახლება. ეს იყო მათი სტრატეგია: სამართლიანი ბრძოლის კერების ჩახშობა... საქართველოს მასშტაბით გამოსახლების რიგშია 1300 ოჯახი და მთელი საზოგადოება ვალდებული ვართ, იქამდე დავასრულოთ ეს ჯოჯოხეთი, ვიდრე დამრბევი რაზმები მათ კარებსაც შეანგრევს.

ამისათვის საზოგადოება უნდა გავერთიანდეთ ერთი მთავარი და სასიცოცხლო მოთხოვნის ირგვლივ: ჩვენ უნდა მოვითხოვოთ და ვითხოვთ სასწრაფო და დაუყოვნებლივ მორატორიუმს ყველა ჩანიშნულ გამოსახლებაზე. ამ მოთხოვნის შესრულებას არ სჭირდება საკანონმდებლო ცვლილებები. ეს შესაძლებელია პარლამენტის ერთი აქტით და პარლამენტი ვალდებულია, ეს აქტი მიიღოს. ამ მოთხოვნას დავაყენებთ ხვალინდელ გამოსახლებაზეც. ხალხი თუ ამ სიმახინჯეს დავუშვებთ, მაშინ დავუშვებთ ყველაფერს," - ამბობს ბექა წიქარიშვილი