გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა "რამშტეინის" ფორმატში მე-18 შეხვედრის დასასრულს განაცხადა, რომ ბერლინი უკრაინას გადასცემს მრავალფუნქციურ სამხედრო ვერტმფრენებს Sea King Mk41.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელის თქმით, უკრაინა მიიღებს ექვს მრავალფუნქციურ Sea King Mk41 შვეულმფრენს სათადარიგო ნაწილების სრული კომპლექტით. გერმანული მხარე უკრაინელ სამხედროებს წვრთებითაც უზრუნველყოფს.
„Sea King არის აპრობირებული და საიმედო ვერტმფრენი, რომელიც დაეხმარება უკრაინელებს ბევრ სფეროში: შავი ზღვის დაზვერვით დაწყებული ჯარისკაცების ტრანსპორტირებით დამთავრებული. ეს არის ამ ტიპის პირველი დახმარება,“ - აღნიშნა პისტორიუსმა.
რუსეთსა და უკრაინას შორის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან, კიევისთვის გერმანიის სამხედრო დახმარების ჯამურმა რაოდენობამ დაახლოებით ექვს მილიარდ ევროს მიაღწია. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანია 2024 წელს უკრაინას 7 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების სამხედრო დახმარებას მიაწვდის.