საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება მოუწოდებს დასავლეთს, შეწყვიტოს პუტინის გამარჯვების შესაძლებლობაზე ფიქრიც კი და დაიწყოს უკრაინის ყველა იარაღის მიცემა, რომელიც მას აგრესიის მოსაგერიებლად სჭირდება. უკრაინული მედიის ცნობით, მან ამის შესახებ Bild-თან ინტერვიუში განაცხადა.
კულებამ რუსეთის მხრიდან მასიური შეტევების კომენტირებისას აღიარა, რომ სიტუაცია ძალიან სერიოზულია, შესაძლოა, უფრო სერიოზულიც კი, ვიდრე ეს იყო თითქმის ორი წლის წინ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისში იყო. მიზეზი კი იარაღის, საბრძოლო მასალისა და სამხედრო ტექნიკის ნაკლებობაა.
კულებას იმედი აქვს, რომ გერმანიის უკრაინის არმიისთვის შორ მანძილზე მოქმედების რაკეტების, Taurus-ის გადაცემის აუცილებლობაში დაარწმუნებენ. გერმანიის მთავრობასთან მოლაპარაკება გრძელდება. დმიტრო კულებას თქმით, უკრაინას დასავლელი პარტნიორებისგან შორ მანძილზე მოქმედების რაკეტები სჭირდება არა რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის, არამედ, რუსული სამხედრო ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად ფრონტის ხაზზე, უშუალოდ უკრაინის ტერიტორიაზე.
„ჩვენ Taurus-ი მოსკოვზე შეტევისთვის არ გვჭირდება,“ - განუცხადა მან მედიას.
გავრცელებული ინფორმაციით, კანცლერ ოლაფ შოლცის მთავრობა უკრაინისთვის Taurus-ების გადაცემისგან თავს იკავებს იმ მოტივით, რომ უკრაინელებმა ამ რაკეტებით შესაძლოა, სამიზნეებს შეუტიონ რუსეთის ტერიტორიაზე. Taurus-ი 500 კილომეტრის მანძილზე მოქმედების ფრთოსანი რაკეტაა. ამ რაკეტების უკრაინისთვის გადაცემის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტმა 17 იანვარს, გერმანიის პარლამენტში საკმარისი ხმები ვერ მიიღო.
„ჩვენ გამარჯვებაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. ბოლოს და ბოლოს, უნდა გვესმოდეს, რომ დამარცხება ყველას ბევრად ძვირი დაუჯდება... საუკეთესო გზა გერმანიისა და ევროპის სხვა ქვეყნების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად არის უკრაინისთვის იმის მიწოდება, რაც მას სჭირდება რუსეთის დასამარცხებლად და უკრაინის ტერიტორიების გასათავისუფლებლად,“ აღნიშნავს დმიტრო კულება.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინამ გერმანიისგან დაახლოებით 6 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება მიიღო, მათ შორის არის ტანკები Leopard-ი და საჰაერო თავდაცვის სისტემები IRIS-T. 2024 წელს გერმანია უკრაინას 7 მილიარდ ევროზე მეტის სამხედრო დახმარებას გაუწევს.