„შავი ზღვის მნიშვნელობა უახლოეს წლებში მხოლოდ გაიზრდება“ - აშშ პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის, საქართველოსთან ურთიერთობის გაძლიერებაზე მუშაობს

აშშ-ის საგარეო პოლიტიკისა და დიპლომატიური ძალისხმევის მარდაჭერა შავი ზღვის რეგიონში - ეს იყო თემა, რომელიც 23 იანვარს, აშშ-ის არმიის გენერალმა კრისტოფერ კავოლიმ აშშ-ის ევროპულ სარდლობასთან (USEUCOM) და ელჩებთან ერთად, ბუქარესტში, რუმინეთში განიხილა.


  • „რუსეთის შეჭრამ უკრაინაში, შეცვალა უსაფრთხოების გარემო შავი ზღვის რეგიონში. რეგიონს კრიტიკული გეოსტრატეგიული მნიშვნელობა აქვს USEUCOM-ისთვის, მოკავშირეებისთვის და ჩვენი პარტნიორებისთვის. კონფერენციამ ამერიკის დიპლომატიური და სამხედრო ლიდერები შავი ზღვის რეგიონის კოლექტიური ტერიტორიული უსაფრთხოების გაძლიერებაზე სასაუბროდ შეკრიბა,“ აღნიშნა კრისტოფერ კავოლიმ.

ბუქარესშტი გამართულ კონფერენციაზე USEUCOM-ის უფროსი ლიდერები და აშშ-ის რვა ელჩი შეიკრიბა. მათი მიზანი იყო, განეხილათ მთელი მთავრობის მხარდაჭერა ამერიკის მოკავშირეებსა და პარტნიორებისადმი, შავი ზღვის რეგიონში მზარდი საფრთხეებისა და გამოწვევების ფონზე.


„ჩვენ სერიოზულად ვითვალისწინებთ უსაფრთხოების საერთო ვალდებულებას და ვმუშაობთ უსაფრთხო, აყვავებული და ურთიერთდაკავშირებული შავი ზღვის რეგიონის დაბრუნებაზე, რომელიც ხელს უწყობს მყარ გლობალურ ვაჭრობას. ჩვენი მდგრადი სტრატეგიული ურთიერთობები ამ ქვეყნებთან, კოლექტიური თანამშრომლობის საფუძველს ქმნის,“ - განაცხადა თავის მხრივ, USEUCOM-ის წარმომადგენელმა, ელჩმა ქეით ბაირნსმა. 


აშშ-ის ელჩმა რუმინეთში კეტლინ კავალეცმა ხაზი გაუსვა, რომ შავი ზღვა გადამწყვეტია გლობალური მშვიდობისა და სტაბილურობისთვის და მისი მნიშვნელობა უახლოეს წლებში მხოლოდ გაიზრდება.

„ეს სასიცოცხლო საექსპორტო სატრანზიტო მარშრუტია და მისი ურთიერთდაკავშირება ხელს უწყობს ვაჭრობასა და ენერგეტიკულ ნაკადებს ევროპას, ევრაზიასა და ახლო აღმოსავლეთს შორის, რაც მას გადამწყვეტ ეკონომიკურ კერად აქცევს. რუსეთის მიერ წარმოებული ომი უკრაინის წინააღმდეგ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი კონფლიქტია ევროპაში და ის დღეს ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს საერთაშორისო წესრიგისთვის,“ - დასძინა კავალეცმა.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ საერთაშორისო წესრიგზე ასეთი თავდასხმა ნებისმიერ ადგილას მოქმედებს მშვიდობასა და სტაბილურობაზე ყველგან, მათ შორის, შავი ზღვის რეგიონში.


ბუქარესტში გამართულმა დისკუსიამ, საფრთხეების წინააღმდეგ და პარტნიორული ურთიერთობების გასაძლიერებლად, აშშ-ის თავდაცვისა და სახელმწიფო დეპარტამენტის ლიდერების ძალისხმევა გააძლიერა.

დისკუსიას ესწრებოდნენ აშშ-ის მდივნის თანაშემწე ევროპასა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, აშშ-ის ელჩი უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკი, საქართველოში აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი, ამერიკის ელჩი თურქეთში ჯეფრი ფლეიკი, ასევე, შტატების ელჩი სომხეთში კრისტინა კვიენი, ამერიკის ახალი ელჩი აზერბაიჯანში მარკ ლიბი. ასევე ამერიკის ელჩები მოლდოვაში,  რუსეთის ფედერაციაში და აშშ-ის მისიის უფროსის მოადგილე ბულგარეთში ანდრეა ბრუილეტ-როდრიგესი.

ცნობისთვის, აშშ-ის ევროპული სარდლობა (USEUCOM) პასუხისმგებელია აშშ-oს სამხედრო ოპერაციებზე ევროპაში, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ნაწილებზე, არქტიკულ და ატლანტის ოკეანეში. USEUCOM 64000-ზე მეტი სამხედრო და სამოქალაქო პერსონალისგან შედგება. ის მჭიდროდ თანამშრომლობს NATO-ს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან. აშშ-ის ევროპული სარდლობის წარმომადგენლობა შტუტგარტშია მდებარეობს.