აზერბაიჯანის დელეგაციამ ოფიციალურად განაცხადა, რომ წყვეტს თანამშრომლობას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან (PACE). ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომის დაწყებამდე, სადაც ასამბლეამ უნდა განიხილოს გადაწყვეტილება აზერბაიჯანელი დეპუტატების უფლებამოსილების შესახებ, აზერბაიჯანის დელეგაციის წარმომადგენლებმა პრესასთან განცხადება გააკეთეს, რომ ისინი აღარ არიან დაინტერესებულნი არსებულ პირობებში ევროპის საბჭოში მუშაობით.
კითხვას, რჩება თუ არა აზერბაიჯანი ევროპის საბჭოს შემადგენლობაში, აზერბაიჯანის დელეგაციის ხელმძღვანელმა სამად სეიდოვმა კონკრეტული პასუხი არ გასცა.
„ჩვენ ვხედავთ, რომ შეუძლებელია ჩვენი დელეგაციის აქ ყოფნა ჩემი ქვეყნისადმი მიუღებელი და აუტანელი მიდგომის გამო,“ აღნიშნა სეიდოვმა.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე დაინიცირდა აზერბაიჯანის დელეგაციის უფლებამოსილების არსებითი შეზღუდვა, ევროსაბჭოში ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისა და თანამშრომლობის არარსებობის გამო. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ოთხშაბათს დებატებს მართავს და აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილებას მიიღებს.
პროცედურა ოფიციალურად სოციალ-დემოკრატების ჯგუფის ხელმძღვანელმა და ევროსაბჭოში გერმანიის დელეგაციის ხელმძღვანელმა ფრანკ შვაბემ წამოიწყო. მან აზერბაიჯანი ოპოზიციის დევნაში, ყარაბაღში ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ზემოქმედების სხვა გზა არ არსებობს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში აზერბაიჯანის უფლებების შეზღუდვისა გარდა.
"აზერბაიჯანის დელეგაციის პირდაპირი პასუხისმგებლობაა, რომ ჩვენმა წარმომადგენლებმა ვერ მოინახულეს პოლიტპატიმრები და ლაჩინის დერეფანი და არ მიიწვიეს ისინი არჩევნებზე დასაკვირვებლად," - აღნიშნა შვაბემ.