ომის ტყვეების საკითხებზე უკრაინის საკოორდინაციო შტაბის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ 8 000-ზე მეტი უკრაინელი, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეები, კვლავ რუსეთის ტყვეობაში იმყოფება.
ამასთან, იური ტარანიუკმა აღნიშნა, რომ რუსული აგრესიის დროს მოსკოვთან შეთანხმდა და განხორციელდა ტყვეების 49 გაცვლა.
„საკოორდინაციო შტაბის მიზანია უკრაინაში რუსული ტყვეობიდან თითოეული ადამიანის დაბრუნება. ეს ეხება როგორც სამოქალაქო პირებს, ასევე სამხედრო ტყვეებს. დღემდე განხორციელდა 49 გაცვლა და 2828 ადამიანი დაბრუნდა სახლში, აქედან 2681 სამხედრო და 147 მშვიდობიანი მოქალაქე. ამჟამად, ტყვეობაში 8000-ზე მეტი ადამიანი იმყოფება. აქედან 1600-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქეა,,“ - განაცხადა იური ტარანიუკმა.
მისივე თქმით, საკოორდინაციო შტაბი აგრძელებს ათიათასობით უკრაინელის ძებნას, რომლებიც უგზო-უკვლოდ დაკარგულები არიან. ამასთან, ტარანიუკმა განაცხადა, რომ დარწმუნებულია, დაკარგულთა უმეტესობა რუსეთის ტყვეობაში იმყოფება.
უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების ბოლო გაცვლა მიმდინარე წლის დასაწყისში მოხდა. 3 იანვარს სამშობლოში 230 უკრაინელი დაბრუნდა. 24 იანვარს ტყვეთა გაცვლა იყო დაგეგმილი, რომელის რუსეთის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმრინავის ჩამოვარდნის ფონზე არ შედგა. რუსული მხარე აცხადებს, რომ ტყვეები ამ თვითმფრინავში იმყოფებოდნენ. უკრაინა ვითარების გარკვევას ცდილობს და საერთაშორისო გამოძიებას ითხოვს.