აშშ-ის საზღვაო ძალებმა არჩევნების შემდგომ ტაივანის სრუტეში პირველი ხომალდი გაგზავნა

აშშ-ის საზღვაო ძალების ცნობით, ტაივანის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პირველად, ამერიკულმა გამანადგურებელმა USS John Finn-მა ტაივანის სრუტეში გაიარა, რამაც პეკინის აღშფოთება გამოიწვია. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„ტაივანის სრუტეში USS John Finn-ის გავლა ყველა ერისთვის ნაოსნობის თავისუფლების დაცვის მიმართ, როგორც პრინციპის, აშშ-ის ერთგულებას ადასტურებს. საერთაშორისო თანამეგობრობის არც ერთი წევრის დაშინება არ უნდა მოხდეს, რომ მათ საკუთარი უფლებები დათმონ,“ - ნათქვამია აშშ-ს საზღვაო ძალების განცხადებაში.

ჩინეთის სამხედრო ძალებმა განაცხადა, რომ ჩინეთი სიტუაციას აკონტროლებდა და ამერიკული ხომალდის გადაადგილებას აკვირდებოდა.

„ამ ბოლო დროს აშშ-ს სამხედრო ძალები, რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის ბოროტად შელახვის მიზნით, პროვოკაციულ ქმედებებს ხშირად ახორციელებს,“ - განაცხადა ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის აღმოსავლეთ დანაყოფის სარდლობამ.


თავის მხრივ, ტაივანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ გემი სამხრეთის მიმართულებით მიცურავდა და რომ ტაივანი აკონტროლებდა მოძრაობას. ტაივანის შეფასებით, “ვითარება ნორმის ფარგლებში იყო.“


ჩინეთი, რომელიც ტაივანს საკუთარ ტერიტორიად განიხილავს, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში სამხედრო თვითმფრინავებს და ხომალდებს კუნძულის გარშემო რეგულარულად აგზავნის. 

გასულ კვირას ტაივანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აღმოაჩინა ჩინეთის საჰაერო ძალების 18 თვითმფრინავი, რომლებიც მოქმედებდნენ ტაივანის გარშემო და ახორციელებდნენ "ერთობლივ საბრძოლო მზადყოფნის პატრულირებას" ჩინურ ხომალდებთან ერთად, რაც პირველი ფართომასშტაბიანი სამხედრო აქტივობა იყო ტაივანის არჩევნების შემდეგ.