უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ბელგოროდის ოლქში რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის ბელგოროდის ოლქში რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის Il-76-ის ჩამოვარდნის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. გამოძიება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლის (ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევა) მიხედვით ჩატარდება და იგი თვითმფრინავის ჩამოვარდნის ყველა გარემოების დასადგენად კომპლექსური ღონისძიებების გატარებას ითვალისწინებს. შეგახსენებთ, 24 იანვარს, რუსეთის ბელგოროდის ოლქში რუსული „ილ-76“-ის ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოვარდა.
24 იანვარს, რუსეთის ბელგოროდის ოლქის კოროჩანსკის რაიონში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოვარდა. რუსულმა მედიამ გაავრცელა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ანდრეი კარტაპოლოვის განცხადება, რომ თვითმფრინავში, სავარაუდოდ, ათობით უკრაინელი სამხედრო იმყოფებოდა, რომლებიც გასაცვლელად გადაჰყავდათ. ასევე რუსული მედიის ცნობით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ თვითმფრინავს, სავარაუდოდ, "65 ტყვედ ჩავარდნილი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე გადაჰყავდა. უკრაინის დაზვერვის მთავარმა სამმართველომ მხოლოდ დაადასტურა, რომ ტყვეების გაცვლა 24 იანვარს იგეგმებოდა. უკრაინა ვითარების გარკვევას ცდილობს და საერთაშორისო გამოძიებას ითხოვს.