ო'ბრაიენი: გვჯერა, რომ უკრაინა უფრო ძლიერი იქნება 2024 წლის ბოლოსთვის

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენმა განაცხადა, რომ კონგრესში უკრაინას მხარდაჭერა აქვს და ახლა მთავარი კითხვაა, როდის იქნება მზად კონგრესი, რომ უკრაინის დაფინანსებას კენჭი უყაროს.

როგორც ჯეიმს ო'ბრაიენმა ონლაინ ვებინარზე განაცხადა, უკრაინამ წარმატებას მიაღწია, მათ შორის, ომის პირობებში ეკონომიკის ზრდის თვალსაზრისით. ამერიკელმა მაღალჩინოსანმა ხაზი გაუსვა, უკრაინის წარმატებას შავ ზღვაში.

მან კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის ადმინისტრაციის მზადყოფნა, განაგრძოს უკრაინის მხარდაჭერა. ჯეიმს ო'ბრაიენმა რუსეთი დაანაშაულა გაეროს დებულებების დარღვევაში.


„გვჯერა, რომ უკრაინა 2024 წლის ბოლოსთვის იქნება უფრო ძლიერი და უკეთეს პოზიციაში, თავისი მომავლის განსასაზღვრად,“ - აღნიშნა ჯეიმს ო'ბრაიენმა და გაიხსენა ბაიდენის სიტყვები, რომ უკრაინას გამარჯვებაში უნდა დაეხმარონ.