აშშ-მ და ბრიტანეთმა „ჰუსიტების“ ხელმძვანელობას სანქციები დაუწესეს

აშშ-მა და ბრიტანეთმა სანქციები დაუწესეს რადიკალური მოძრაობა „ანსარ ალაჰის“ მაღალი რანგის წარმომადგენლებს. მოძრაობა, რომელიც იემენის ტერიტორიის ნაწილს აკონტროლებს და უკანასკნელი თვეების განმავლობაში წითელ ზღვაში თავს ესხმის სავაჭრო გემებს, ჰუთების სახელითაც არის ცნობიილი.

სანქციების სიაში არიან მოჰამედ ნასერ ალ-ატიფი, რომელსაც ჰუთები მათ მიერ დანიშნულ მთავრობაში თავდაცვის მინისტრს უწოდებენ, ასევე ჰუთების საზღვაო ძალების სარდალი მუჰამად ფადლ აბდ ალ-ნაბი.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ცნობაში ნათქვამია, რომ „ჰუთების ხელმძღვანელობის“ წინააღმდეგ სანქციები წითელ ზღვასა და არაბეთის ყურეში გემებზე უკანასკნელი თავდასხმებისთვის დაწესდა ტერორიზმთან ბრძოლის პროგრამის ფარგლებში. გემებზე თავდასხმების დაწყების შემდეგ შეერთებულმა შტატებმა ჰუთები კვლავ შეიყვანა ტერორისტული ორგანიზაციების სიაში.


ირანის მიერ მხარდაჭერილი “ჰუსიტები“, რომლებიც იემენის დიდ ნაწილს აკონტროლებენ, 19 ნოემბრის შემდეგ კომერციულ გემებზე წითელ ზღვაში თავდასხმებს აწარმოებენ, რაც მათი თქმით, არის პროტესტი ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციების წინააღმდეგ. შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა იემენში „ჰუსიტების“ სამხედრო ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს. შეტევების პირველ დღეს, 12 იანვარს მიზანში ამოიღეს 60 სამიზნე. რუსეთმა, რომელიც ირანის მოკავშირეა, დარტყმები დაგმო და გაეროს უშიშროების საბჭოს სასწრაფო სხდომა მოითხოვა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იემენელი “ჰუსიტების“ წინააღმდეგ დამატებით საჰაერო იერიშები მიიტანა. შეტევის შესახებ ინფორმაცია 19 იანვარსაც გავრცელდა. 23 იანვარს აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა იემენელი „ჰუსიტების“ წინააღმდეგ საჰაერო დარტყმების ახალი სერია განახორციელეს.