ქართულმა დელეგაციამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას უკრაინელი ბავშვების დეპორტაციის შესახებ მხარი დაუჭირა

ქართულმა დელეგაციამ მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას, რომელიც ომის დროს უკრაინელი ბავშვების დეპორტაციას უკრაინელი ხალხის გენოციდად აფასებს. კენჭისყრის შედეგების თანახმად, რეზოლუციას მხარი დაუჭირეს ლევან ბეჟაშვილმა, ხატია წილოსანმა და ქეთევან თურაზაშვილმა.

რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ ყველა უკრაინელ ბავშვს აქვს უფლება, ისარგებლოს უფლებებითა და თავისუფლებებით, რომლებიც გათვალისწინებულია ადამიანის უფლებათა შესაბამის საერთაშორისო დოკუმენტებში და რომ გადაწყვეტილების მიღებისას პრიორიტეტი ბავშვის უფლებები და საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს.

„ომმა არცერთი უკრაინელი ბავშვი არ დაინდო. უკრაინელი ბავშვები, რომლებიც განსაკუთრებით დაუცველი მსხვერპლნი არიან, არასოდეს არ უნდა იქნან გამოყენებული, როგორც ზეწოლის საშუალება, ან ომის ნადავლი,“ - აღნიშნულია დოკუმენტში.


უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის თითქმის ორი წლის თავზე, უკრაინის ადამიანის უფლებათა კომისარი დმიტრო ლუბინეცი დაახლოებით 10 დღის წინ ამბობდა, რომ 20 000-მდე უკანონოდ გატაცებული ბავშვიდან, შინ მხოლოდ 517 დაბრუნდა.

ოფიციალური მოონაცემების თანახმად, უკრაინიდან რუსეთში, იძულებით, სულ მცირე 19 546 ბავშვი გადაასახლეს. ეს ციფრი მხოლოდ ოფიციალურად დადასტურებულ ინფორმაციას ასახავს, თუმცა, უფლებადამცველები ვარაუდობენ, რომ რეალური მაჩვენებელი ბევრად მაღალია.


ლუბინეცმა, დავოსში, მსოფლიოს ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა, რომ შინ 2 828 ზრდასრული მოქალაქე დაბრუნდა, მათ შორის, 150 სამოქალაქო პირი. უკრაინის მიზანი კი, ყველა მოქალაქის შინ დაბრუნებაა, რისთვისაც საერთაშორისო საზოგადოებამ მუშაობა უნდა გააძლიეროს.


სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ, გასულ წელს, ვლადიმერ პუტინისა და რუსეთის ბავშვთა უფლებების კომისიონერის, მარია ლვოვა-ბელოვას წინააღმდეგ დაკავების ორდერი, სწორედ ბავშვების უკანონო დეპორტაციის ბრალდებით გასცა. სასამართლოს შეფასებით, პუტინი და ლვოვა-ბელოვა, სხვებთან ერთად და სხვების მეშვეობით, ამ უკანონო ქმედებას თავად ახორციელებდნენ.

კრემლი იძულებითი დეპორტაციის შესახებ ბრალდებებს უარყოფს. რუსეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მან ბავშვები "გადაარჩინა" და მზადაა, ისინი საკუთარ მშობლებსა და კანონიერ მზრუნველებს მოთხოვნისთანავე დაუბრუნოს.

სასამართლოს თანახმად კი, რუსეთის პრეზიდენტმა არ უზრუნველყო შესაბამისი კონტროლი სამოქალაქო და სამხედრო დაქვემდებარებულ პირებზე იმისთვის, რომ ეს ქმედებები აღკვეთილიყო. ან, რომ მან, მათი ჩადენის უფლება მისცა მათ, ვინც უშუალოდ მას ემორჩილება. შესაბამისად, ეს მისი პირდაპირი პასუხისმგებლობაა.