საფრანგეთის შეიარაღებული ძალების სამინისტრომ რუსეთი საფრანგეთზე ცრუ ინფორმაციის განზრახ გავრცელებაში დაადანაშაულა. უწყების ცნობით, დეზინფორმაციის კამპანიაში ჩართულები არიან სახელმწიფო მედიასაშუალებები - Sputnik News, Russia Today და „რია ნოვოსტი“. წერს Deutche Welle.
2024 წლის 17 იანვარს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია ხარკოვში „დროებითი დისლოკაციის ობიექტზე“ იერიშის შესახებ, სადაც, თითქოს, კიევის მხარეს მებრძოლი უცხოელი დაქირავებულები იმყოფებოდნენ. მოსკოვის მტკიცებით, მათი ძირითადი ნაწილი „ფრანგი დაქირავებულები“ იყვნენ. პარიზმა მოსკოვის ეს განცხადებები უარყო და მას „უხეში მანიპულაცია“ უწოდა.
საფრანგეთი რუსული დეზინფორმაციის ერთ-ერთი ძირითადი ობიექტი 2022 წლის თებერვალში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის შემდეგ გახდა. 2024 წლის იანვრის შემდეგ, როდესაც საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რუსეთის გამარჯვების საფრთხეზე ისაუბრა და უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების შესახებ განაცხადა, ეს კამპანია კიდევ უფრო გააქტიურდა.