საპატრიარქო: იმედია, კანონი შეიცვლება, რომ მოქალაქეები მაქსიმალურად დაცულნი იყვნენ საცხოვრებლიდან გამოსახლებისა და ქუჩაში დარჩენისაგან

საქართველოს საპატრიარქო კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინიდან ოჯახის გამოსახლების ფაქტს ეხმაურება. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ უნდა მოხდეს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც მოქალაქეებს საცხოვრებლიდან გამოსახლებისგან დაიცავს.

„გულისტკივილით ვადევნებდით თვალს კეკელიძის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტს.


აღნიშნული შემთხვევა ნამდვილად ტრაგიკულია და საცხოვრებელი სახლით სასესხო უზრუნველყოფის საკითხის საკანონმდებლო დარეგულირების აუცილებლობაზე მეტყველებს.

იმედია, მოხდება კანონის შესაბამისი ცვლილება, რომ ჩვენი მოქალაქეები მაქსიმალურად დაცული იყვნენ საცხოვრებლიდან გამოსახლებისა და ქუჩაში დარჩენისაგან,“ - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, კეკელიძის N1-ში, აღსრულების ბიუროს წარმომადგენლებმა მარინა ხატიაშვილის ოჯახი გამოასახლა, რასაც სამართალდამცველებსა და ოჯახის მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.