აშშ მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს რეფორმების მხარდასაჭერად, რათა ქვეყნებმა ევროკავშირში საკუთარი მომავლის შექმნა შეძლონ - ჯეიმს ო'ბრაიენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ო'ბრაიენმა 25 იანვარს გერმანიის მარშალის ფონდის (GMF) ღონისძიებაზე „ევროპა ერთიანი და თავისუფალი: 2024 წლის პრიორიტეტები“ საუბრისას ყურადღება გაამახვილა გლობალურ გამოწვევებზე, ევროატლანტიკურ ურთიერთობებზე, რუსეთის მიერ წარომებულ ომზე უკრაინაში, ტექნოლოგიურ განვითარებასა და სხვა საკითხებზე.


მან თავისი გამოსვლის დიდი ნაწილი ახალი კანდიდატი ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებზე საუბარს დაუთმო. კერძოდ, ხაზი გაუსვა, რომ „ბოლო ათწლეულის განმავლობაში იყო არაერთი სახელმწიფო, რომლებიც შესაძლოა, იდგნენ ევროპისკენ მიმავალ გზაზე, თუმცა არ ჰქონდათ მისკენ სვლის მკაფიო პერსპექტივა, და ასევე იყვნენ სხვა სახელმწიფოები, რომლებიც აშშ-სა და რუსეთს შორის მერყეობდნენ.“


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ამგვარ მდგომარეობას „სერიოზული პრობლემა“ უწოდა და განაცხადა, რომ „ეს ნაცრისფერი სივრცე აყვავების საშუალებას აძლევს იმ პოლიტიკოსებს, რომელთაც წესების მიღმა ყოფნა უყვართ.“


ო'ბრაიენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია „მათი პოლიტიკური სტიმულების შეცვლა“ და ამ კონტექსტში მიესალმა „ევროკავშირის გადაწყვეტილებას ცხრა ქვეყანასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ.“ მისი თქმით, აშშ ამ გადაწყვეტილევას მტკიცედ უჭერს მხარს“ და მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს რეფორმების მხარდასაჭერად, რათა ამ ქვეყნებმა შეძლონ ერთიან ბაზარსა და ევროკავშირში საკუთარი მომავლის შექმნა.