უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შედეგად იორდანიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, სირიის საზღვართან მდებარე ამერიკული ჯარების პოზიციებზე სამი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა და 25 დაშავდა. ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა.
BBC-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თავდასხმაში ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფები დაადანაშაულა.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ვაგროვებთ ამ თავდასხმის ფაქტებს, ჩვენ ვიცით, რომ ის განხორციელდა სირიასა და ერაყში მოქმედი იმ რადიკალური ჯგუფების მიერ, რომლებსაც ირანი უჭერს მხარს,“ -განაცხადა ჯო ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით არავის უნდა შეეპაროს ეჭვი იმაში, რომ შეერთებული შტატები დამნაშავეებს პასუხს აგებინებს "მაშინ და ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლის."
BBC აღნიშნავს, რომ ეს რეგიონში ამერიკელი ჯარისკაცების დაღუპვის პირველი შემთხვევაა გასული წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებული პალესტინური დაჯგუფების "ჰამასის" წევრების თავდასხმის შემდეგ. ამ ფონზე რეგიონში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე რამდენიმე თავდასხმა მოხდა, მაგრამ მსხვერპლი არ დაფიქსირებულა.