ფინეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

ფინეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე ვერცერთმა კანდიდატმა ხმების 50%-ზე მეტი ვერ მიიღო.

ერთმანეთს მემარჯვენე-ცენტრისტული „ფინეთის ეროვნული კოალიციური პარტიის“ კანდიდატი, ალექსანდრე სტუბი და ლიბერალური „მწვანეთა პარტიის“ წევრი, პეკა ჰაავისტო დაუპირისპირდებიან.

პირველი ტურის შედეგების თანახმად, ფინეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრე სტუბმა ამომრჩევლების ხმების 27.2% მიიღო, მისმა მთავარმა მეტოქემ, ფინეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, უფლებადამცველმა პეკა ჰაავისტომ კი - 25.8%.


საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 28 იანვარს გაიმართა, რომელშიც პრეზიდენტობის 9 კანდიდატი მონაწილეობდა. ამომრჩეველთა აქტივობამ 74.9% შეადგინა. არჩევნების მეორე ტური 11 თებერვალს ჩატარდება. ამომრჩეველთა აქტივობამ 74,9% შეადგინა. წინა, 2018 წლის, საპრეზიდენტო არჩევნებში ეს მაჩვენებელი 69,9% იყო. ევროკავშირის წევრი ფინეთი 2023 წელს NATO-ს წევრი გახდა.