სომხეთი აზერბაიჯანს თავდაუსხმელობის პაქტის გასაფორმებლად იწვევს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ერევანმა ბაქო თავდაუსხმელობის პაქტის გასაფორმებლად მიიწვია.

ფაშინიანმა დასძინა, რომ სომხეთმა აზერბაიჯანს უსაფრთხოების გარანტიის რამდენიმე მექანიზმი შესთავაზა. მაგალითად, ჯარების სარკისებური გაყვანა სომხეთის სსრ და აზერბაიჯანის სსრ ადმინისტრაციული საზღვრიდან.


„ჩვენ აზერბაიჯანს შევთავაზეთ საზღვრის დემილიტარიზაცია, აგრეთვე, იარაღის ურთიერთკონტროლის მექანიზმი. ასევე თავდაუსხმელობის პაქტზე ხელმოწერა, თუ აღმოჩნდება, რომ სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერას მოსალოდნელზე მეტი დრო დასჭირდება,“ - აღნიშნა ფაშინიანმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ერევანს არ აქვს პრეტენზია სხვა ტერიტორიებზე, გარდა მისი სუვერენული ტერიტორიისა, ამიტომ მზადაა, გასცეს ასეთი გარანტიები, მაგრამ ელის მსგავს გარანტიებს სხვებისგან.


მანამდე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ სომხეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის ძირითადი პირობები უკვე შექმნილია და ის არ ეთანხმება ერევნის სურვილს ხელშეკრულების გარანტორების შესახებ. ამავდროულად, სომხეთმა გამოაცხადა ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო ხელშეკრულების ზოგიერთ პუნქტთან დაკავშირებით აზერბაიჯანის პოზიციაში რეგრესია.

ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ადრე განაცხადეს, რომ სამშვიდობო შეთანხმებისთვის გასული წლის ბოლომდე უნდა მოეწერათ ხელი. მაგრამ საერთაშორისო შუამავლობით სამშვიდობო მოლაპარაკებებმა ჯერჯერობით გარღვევა ვერ მოიტანა.