უილიამ კორტნი: შავი ზღვის რეგიონი თავდაცვის ახალი მნიშვნელოვანი ტექნოლოგიების გამოცდის ადგილად იქცა

საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის შეფასებით, შავი ზღვის რეგიონი თავდაცვის ახალი მნიშვნელოვანი ტექნოლოგიების გამოცდის ადგილად იქცა. უილიამ კორტნის განცხადებით, შავი ზღვა ახლა ბევრად უფრო სახიფათო ზონა იქნება.


„ჩვენ ვნახეთ, რომ უკრაინა იყენებდა საზღვაო დრონებს და აზიანებდა გემებს სევასტოპოლში... რუსეთმა, მისდა გასაკვირად, აღმოაჩინა, რომ უკრაინას შეუძლია, შორიდანაც კი შეუტიოს გემებს... მე რომ რუსეთი ვიყო, დავიწყებდი იმაზე ფიქრს, თუ რამდენად უსაფრთხო იქნება ჩემი ხომალდები მომავალში. მან ხაზი გაუსვა ამერიკულ Patriot-ის სისტემების “ფენომენალურ მოქმედებას“, როდესაც მათ [რუსული] „კინჟალის“ ტიპის ჰიპერბგერითი რაკეტები ჩამოაგდეს,“ - აღნიშნა კორტნიმ.


ამერიკელი დიპლომატის თქმით, უკრაინელებმა ამ უპილოტო ტექნოლოგიის გამოყენებით რუსეთის საზღვაო ფლოტი აღმოსავლეთით გადაისროლეს, რითაც მათ შეუძლიათ, განაახლონ მარცვლეულის მიწოდება რუსეთის მხრიდან რაიმე განსაკუთრებული საფრთხის გარეშე.

„ამდენად, ეს არის ტექნოლოგიური განვითარება, რომელიც არავის წარმოედგინა, თუნდაც ერთი წლის წინ. უკრაინის წარმატებებმა შეცვალა დასავლური წარმოდგენები: ახლა ალბათ მთავარი კითხვა იქნება, თუ რამდენად შეუძლია ამ ახალმა, შორი დისტანციის უპილოტო ტექნოლოგიებმა, როგორც საჰაერო, ასევე საზღვაო თვითმფრინავებმა, პოტენციურად უფრო საშიში გახადოს [შავი ზღვის ზონა.] აღნიშნავს უილიამ კორტნი.


ასეთ შემთხვევაში ელჩი მიიჩნევს, რომ განსხვავებული მიდგომები იქნება საჭირო.

„საქართველოსთან შედარებით, უკრაინასთან შედარებით, თავდაცვისუნარიანობა გაცილებით დიდი საკითხია NATO-სთვის. ჩვენ გვაქვს ძალიან ცოტა NATO-ს აქტივები საქართველოსთან ახლოს, რომელსაც შეუძლია, დაეხმაროს მას დაცვაში. ის თურქეთს ესაზღვრება, არსებობს შესაძლებლობები და თურქეთს შეუძლია, ძალიან დამხმარე როლი შეასრულოს. მაგრამ როცა ვუყურებთ უკრაინას, რომელიც NATO-ს ოთხ წევრს ესაზღვრება, ბრძოლისთვის მთელი ლოგისტიკური მხარდაჭერა ამ ქვეყნებიდან მოდის... მსგავსი რამ საქართველოსთვის შესაძლოა, შეუძლებელი იყოს. ასე რომ, როდესაც უკრაინაც და საქართველოც მოუთმენლად ელიან NATO-ში პოტენციურ გაწევრიანებას, საქართველოს გამოწვევა შეიძლება უფრო დიდი იყოს,“ - აღნიშნა კორტნიმ.

მან ასევე აღიარა, რომ სომხეთი, როგორც ჩანს, „ზედმეტად ეყრდნობა რუსეთს თავდაცვისთვის.“

„სომხეთს ჯერ კიდევ აქვს რუსული სამხედრო ბაზა... ასე რომ, სომხეთის სტრატეგიული მდგომარეობა უფრო რთულია, ვიდრე საქართველოსი,“ აღნიშნავს ამერიკელი დიპლომატი.