ბრიუსელში ევროკავშირისა და ცენტრალური აზიის საინვესტიციო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის დაკავშირებადობაში მეტი ინვესტიციების განხორციელებაზე ისაუბრა.
ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროპამ და ცენტრალურმა აზიამ უნდა განამტკიცონ თავიანთი მედეგობა და მოახდინონ პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების დივერსიფიცირება. ბორელმა აღნიშნა, რომ ეს ფორუმი ამ მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.
„ინვესტიციები საჭიროა, რათა შევძლოთ ძველი დამოკიდებულებების შეცვლა, დივერსიფიცირება და ახალი ალტერნატივების პოვნა ტრანსპორტისთვის, ენერგეტიკისა და მიწოდების ჯაჭვებისთვის. ეს ახალ სიცოცხლეს შესძენს უძველეს „აბრეშუმის გზას,“ დაგვაკავშირებს ჩვენს პარტნიორებთან თურქეთსა და სამხრეთ კავკასიაში. ეს არის ჩვენი გამოწვევა. სწორედ ამიტომ ვართ აქ, რათა მოვძებნოთ ფინანსური რესურსები, რომ ეს რეალობად ვაქციოთ,“ – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
მიმდინარე წელს ევროკავშირისა და ცენტრალური აზიის სამიტი უზბეკეთში გაიმართება.
„დღეს ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ საზღვრებზე. საზღვრები ირღვევა. საზღვრები დაპირისპირების წინა ხაზებია. თუმცა საზღვრები ასევეა დედამიწის კანზე ისტორიის მიერ დატოვებული იარები. ისტორია იწერებოდა საზღვრებით დედამიწის ზედაპირზე, ზოგჯერ ცეცხლითა და ბრძოლით. ჩვენ უნდა გადავლახოთ საზღვრები. ჩვენ უნდა გავცდეთ საზღვრებს, რათა კონტაქტი გვქონდეს მეორე მხარეს მყოფ ადამიანებთან. ჩვენ უნდა გავხადოთ საზღვრები გამჭვირვალე. ისინი იარსებებს, თუმცა ჩვენ მათ ვერ დავინახავთ. მთელ მსოფლიოს შეუძლია – გახადოს საზღვრები გამჭვირვალე, რომ ადამიანებმა, ტვირთებმა, მომსახურებამ ერთი ქვეყნიდან მეორეში რაც შეიძლება მარტივად შეძლონ გადანაცვლება,“ - აღნიშნა ბორელმა.