უნგრეთმა უკრაინისთვის ევროკავშირის დახმარებასთან დაკავშირებით პოზიცია შეცვალა

ბუდაპეშტმა ბრიუსელს წინადადება გაუგზავნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ მზადაა, ევროკავშირის ბიუჯეტის უკრაინის დახმარების პაკეტის დაფინანსებისთვის გამოყენებას დასთანხმდეს, თუკი სხვა პირობები დაემატება. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მთავარმა მრჩეველმა პოლიტიკის საკითხებში, ბალაზ ორბანმა განაცხადა.

მანამდე ცნობილი გახდა რომ ევროკავშირში შემუშავებული დოკუმენტის შინაარსის თანახმად, ევროკავშირი მზადა, დარტყმა მიაყენოს უნგრეთის ეკონომიკას, თუ ბუდაპეშტი, პირველ თებერვალს დაგეგმილ სამიტზე უკრაინის შემდგომ დაფინანსებას ვეტოს დაადებს.


„ბრიუსელმა შეიმუშავა სტრატეგია, რომელიც ითვალისწინებს უნგრეთის ეკონომიკის სისუსტეებისთვის მიზანმიმართული დარტყმის მიყენებას, მისი ვალუტის შერყევას და ინვესტორების ნდობის მოშლას სამუშაო ადგილებისა და ეკონომიკური ზრდის შემცირების მიზნით, თუ ბუდაპეშტი უარს კიევის დახმარებაზე ვეტოს მოხსნაზე,“ - წერდა Financial Times ევროკავშირში შემუშავებულ დოკუმენტზე დაყრდნობით.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ბუდაპეშტი თუ უკან არ დაიხევს, ევროკავშირის სხვა ლიდერებს მოუწევთ, საჯაროდ განაცხადონ, რომ მას ევროკავშირის დაფინანსებას შეუწყვეტენ. ინფორმაციას გამოეხმაურა უნგრეთის მინისტრი ევროკავშირის საკითხებში, იანოშ ბოკა, რომელმაც განაცხადა, რომ „ბრიუსელის ბიუროკრატების მიერ შემუშავებული დოკუმენტი მხოლოდ ადასტურებს იმას, რასაც უნგრეთის მთავრობა დიდი ხანია, აცხადებს: ევროკავშირის სახსრებზე წვდომას ბრიუსელი პოლიტიკური შანტაჟისთვის იყენებს.“


ბუდაპეშტის მიერ ბრიუსელისთვის გაგზავნილი ახალი წინადადება კი, ბუდაპეშტის პოზიციის მნიშვნელოვან ცვლილებაზე მიუთითებს, რადგან დეკემბერში 14-15 დეკემბერს ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის სამიტზე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროკავშირის 2024-2027 წლების ბიუჯეტში ცვლილებები დაბლოკა, რომელიც უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფას ითვალისწინებდა. ამ ნაბიჯის გამო, ბრიუსელი იძულებული გახდა, გეგმა „ბ“-ზე გადასულიყო და საგანგებო სამიტი ჩაენიშნა.