USAID განათლება მომავლისთვის პროგრამის ფარგლებში, აშშ-ის არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და პარტნიორ ქართულ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობა შედგა, რომლის მიზანია უნივერსიტეტებში მასწავლებლის მოსამზადებელი საგანმანათლებლო და განათლების მეცნიერებების პროგრამების განვითარების ხელშეწყობა.
ამასთან დაკავშირებით გამართული ღონისძიების მონაწილეებისადმი მიმართვისას ელჩმა რობინ დანიგანმა განაცხადა, რომ აშშ-ის მთავრობა აგრძელებს საქართველოს განათლების სისტემის მხარდაჭერას.
„ამერიკასა და საქართველოს შორის ახალ პარტნიორობას ვიწყებთ, რომლის მიზანია ახალგაზრდებისთვის განათლების მიცემა. პროგრამა დაეხმარება მასწავლებლებს, სტუდენტებს გააძლიერონ სწავლების მეთოდები. აშშ-ის მთავრობა აგრძელებს საქართველოს განათლების სისტემის მხარდაჭერას, რადგან მიგვაჩნია, რომ განათლება არის ფუნდამენტი ზოგადად განვითარების და საქართველოს ევროატლანტიკური ტრაექტორიისთვის,“ განაცხადა რობინ დანიგანმა.
უნივერსიტეტების მხარდაჭერის კომპონენტის ფარგლებში გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის შერჩეულმა ოთხმა უნივერსიტეტმა აშშ-ის არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტის მარი ლუ ფულტონის განათლების სკოლასთან ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. აღნიშნული უნივერსიტეტებია: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი.
ღონისძიება გახსნა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ნოდარ პაპუკაშვილმა. მინისტრის მოადგილემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის კუთხით ამერიკის უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ნოდარ პაპუკაშვილმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის მთავრობას განათლების სფეროს განვითარების მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ საქართველო თავის სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობით მომავალში კიდევ უფრო აქტიურად გააგრძელებს ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას.
შეთანხმების თანახმად, აშშ-ის არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტის მარი ლუ ფულტონის განათლების სკოლა მომავალი ოთხი წლის მანძილზე პარტნიორი უნივერსიტეტების აკადემიურ პერსონალს შესთავაზებს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებულ ექსპერტულ დახმარებას, რაც გულისხმობს ახალი სასწავლო კურსების შემუშავებას, სასკოლო პრაქტიკის კომპონენტის გაძლიერებას, აკადემიური პერსონალის სწავლებისა და კვლევითი უნარების გაუმჯობესებას, თანამედროვე ლიტერატურაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. ასევე, უზრუნველყოფილი იქნება უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორობაში ჩართვა. ღონისძიებას ასევე დაესწრნენ პარტნიორი უნივერსიტეტების რექტორები, დიპლომატიური და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.