უკრაინა და ბელგია იარაღის ერთობლივ წარმოებას დაიწყებენ

უკრაინამ და ბელგიამ ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლის მიზანიც თავდაცვის სფეროში ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაა. მანამდე, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა ბელგიელ კოლეგასთან, ლუდივინ დედონდერთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ ბელგია წელს უკრაინას 611 მილიონი ევროს სამხედრო დახმარებას გამოუყოფს.


უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ივან გავრილიუკის განმარტებით, მემორანდუმი განსაზღვრავს ერთობლივი პროექტების დანერგვის განზრახვას, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის პოტენციალისა და წარმოების მოცულობის გაზრდას.


„ეს ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის განვითარების, პარტნიორებთან ერთობლივი საწარმოების შექმნის, უკრაინაში თავდაცვის წარმოების ლოკალიზაციის კონტექსტში. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.


მისი თქმით, საუბარია გარკვეული ტიპის იარაღის ერთობლივი წარმოების გეგმებზე, შეკეთების ორგანიზებაზე, სპეციალისტებისა და ტექნიკური პერსონალის მომზადებაზე.

„უკრაინა ძალიან დაინტერესებულია ერთობლივი საწარმოების შექმნით, რომლებიც იმუშავებენ საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. დარწმუნებული ვარ, ჩვენი მომავალი თანამშრომლობა ნაყოფიერი და ურთიერთსასარგებლო იქნება,“ - აღნიშნა გავრილიუკმა.