ერევნის ადმინისტრაციულმა სასამართლომ უარი განაცხადა ჩეჩნური წარმოშობის რუსეთის მოქალაქის, სალმან მუკაევის რუსეთში ექსტრადირებაზე. ინფორმაციას რადიო თავისუფლების პროექტი Current Time ავრცელებს.
სომხეთში მას თავშესაფარი და ლტოლვილის სტატუსი მიანიჭეს, როგორც პირს, რომელსაც საკუთარ სამშობლოში რეპრესიები ემუქრება. ამის შესახებ კრიზისულმა ჯგუფმა „SK SOS-მა“ განაცხადა. რუსეთში ის ძებნილად იყო გამოცხადებული სისხლის სამართლის საქმეზე იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენის, გადაცემის ან შენახვის ბრალდებით. სომხეთიდან მუკაევს ევროპის ქვეყანაში გაფრენა სურდა, მაგრამ საპასპორტო კონტროლისას განუცხადეს, რომ ის რუსეთში იძებნებოდა და საზღვარს ვერ გადაკვეთდა. ამის შემდეგ მან თავშესაფარი ითხოვა სომხეთში.
ერევნის სასამართლომ აღიარა, რომ ჩეჩნეთში და ზოგადად რუსეთში ლგბტქ+ თემის წარმომადგენლებმა შეიძლება, განიცადონ დევნა, რეპრესიები და სასტიკი მოპყრობა. კერძოდ, გადაწყვეტილებაში ნახსენებია ახალი რუსული ნორმები, რომელთა მიხედვითაც ლგბტქ+ ექსტრემისტულ მოძრაობად არის აღიარებული.
სალმან მუკაევი ჩეჩნეთში 2020 წლის თებერვალში დააკავეს. უფლებადამცველების თქმით, პოლიციელები მას სცემდნენ და აწამებდნენ.
მუკაევი გათავისუფლების შემდეგ სომხეთში გაემგზავრა.