Politico ოთხ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ პენტაგონმა წარმატებით გამოსცადა ახალი ზუსტი მართვადი ბომბი GLSDB, რომელიც შეიძლება, უკრაინამ უკვე ოთხშაბათს, 31 იანვარს მიიღოს.
გამოცემის ერთ-ერთმა ანონიმურმა წყარომ, ამერიკელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ 150 კილომეტრზე მოქმედი GLSDB რაკეტები “უკრაინისთვის მნიშვნელოვანი პოტენციალი” გახდება და რუსული ძალების წინააღმდეგ სიღრმეში დარტყმების განხორციელების საშუალებას მისცემს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ამ მართვადი ავიაბომბების გადაცემის შესახებ ჯერ კიდევ 2023 წლის თებერვალში გამოცხადდა. თუმცა, ვინაიდან, ის ახალი იარაღია, რომელიც შეიარაღებაში ჯერ ამერიკულ არმიასაც არ აქვს, შემოწმებების გავლას საჭიროებდა. ამიტომ GLSDB რაკეტების გადაცემა 2024 წლის დასაწყისისთვის გადაიდო.
ცნობისთვის, ამერიკელი გენერლის ბენ ჰოჯესის შეფასებით, GLSDB-ის სახმელეთო მცირე დიამეტრის ბომბები, რომელთა დიაპაზონი 150 კილომეტრია, ძირს გამოუთხრის რუსეთის უპირატესობას.
„თუ უკრაინა მიიღებს GLSDB-ის სახმელეთო მცირე დიამეტრის ბომბებს, რომელთა დიაპაზონი 150 კმ-ია, მაშინ ეს ნიშნავს, რომ ამ რადიუსში არ იქნება რუსული სამეთაურო პუნქტი,“ - აცხადებს ჰოჯესი. ჰოჯესის განმარტებით, სიზუსტის წყალობით, GLSDB-ს შეუძლია, შეარყიოს რუსეთის უპირატესობა.
GLSDB არის მცირე ზომის ზუსტი მართვადი საბრძოლო მასალა, ფაქტობრივად, ფრთიანი ბომბი. ის აერთიანებს GBU-39 მცირე დიამეტრის საჰაერო ბომბს M26-ის სარაკეტო ძრავასთან.
მისი გაშვება შესაძლებელია MLRS-M270 ან HIMARS სარაკეტო სისტემებიდან, რომლებიც უკრაინაში უკვე ხელმისაწვდომია.
- უკრაინა აშშ-ის ახალი სამხედრო პაკეტის ფარგლებში, შორ მანძილზე მოქმედ GLSDB-ის ტიპის რაკეტებს მიიღებს