უკრაინის სამხედრო დაზვერვამ (HUR) წამოიწყო კიბერშეტევა, რომელიც სავარაუდოდ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპეციალურ საკომუნიკაციო სერვერს შეეხო. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„კიბერთავდასხმის შედეგად, აგრესორი სახელმწიფოს თავდაცვის სამინისტროს სერვერი, რომელიც სპეციალური კომუნიკაციებისთვის გამოიყენებოდა, გაითიშა,“ - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, შეწყვეტილია ინფორმაციის გაცვლა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფებს შორის, რომლებიც მოსკოვში მდებარე სერვერს იყენებდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა გრძელდება. კიბერთავდასხმები რუსეთ-უკრაინის ომში ორივე მხარის მიერ გამოყენებული სულ უფრო გავრცელებული იარაღი გახდა. ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი დარტყმის დროს, რუსი ჰაკერების სამიზნე იყო უკრაინის სატელეკომუნიკაციო პროვაიდერი, Kyivstar, რამაც გასული წლის დეკემბერში, კომუნიკაციის შეფერხება ქვეყნის მასშტაბით გამოიწვია.