ბრიტანეთი მზადაა, წითელ ზღვაში თვითმფრინავის გადამზიდავი გაგზავნოს, რათა „ჰუსიტების“ იერიშებს გაუმკლავდეს. ამის შესახებ The Telegraph-ი წერს.
სამეფო საზღვაო ხომალდი მზად არის, ამერიკული თვითმფრინავის გადამზიდავი USS Dwight D Eisenhower ჩაანაცვლოს, როდესაც ის შეერთებულ შტატებში დაბრუნდება.
„ამერიკული ავიამზიდი USS Dwight D. Eisenhower იქ სამუდამოდ ვერ დარჩება, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ რეგიონში ავიამზიდი შევინარჩუნოთ, ჩვენ ამ შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად ამერიკელებთან მუშაობა შეგვიძლია,“ - აცხადებს შეიარაღებული ძალების მინისტრი ჯეიმს ჰიპი.
დიდ ბრიტანეთის საზღვაო ძალების შემადგენლობაში ამჟამად ორი მოქმედი ავიამზიდი HMS Prince of Wales და HMS Queen Elizabeth შედის.
უფრო ადრე მედია წერდა, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია შეიმუშავებდა გეგმებს ჰუსიტების წინააღმდეგ გრძელი სამხედრო კამპანიისთვის.
ცნობისთვის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა 16 იანვარს დაამტკიცეს ევროკავშირის საზღვაო მისიის შექმნა წითელ ზღვაში საზღვაო მიმოსვლის დასაცავად.
შეერთებულმა შტატებმა უკვე დაიწყო წითელ ზღვაში ოპერაცია Prosperity Guardian დაიწყო, რომლის ირგვლივ 20-მდე პარტნიორისგან შემდგარი კოალიცია შეიქმნა.
ირანის მიერ მხარდაჭერილი “ჰუსიტები“, რომლებიც იემენის დიდ ნაწილს აკონტროლებენ, 19 ნოემბრის შემდეგ კომერციულ გემებზე წითელ ზღვაში თავდასხმებს აწარმოებენ, რაც მათი თქმით, არის პროტესტი ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციების წინააღმდეგ. შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა იემენში „ჰუსიტების“ სამხედრო ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს.