გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და დანიის, ჩეხეთის, ესტონეთისა და ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრებმა, მეტე ფრედერიკსენმა, პეტრ ფიალამ, კაია კალასმა და მარკ რუტემ ევროკავშირის სამიტამდე ერთი დღით ადრე, Financial Times-ში ერთობლივი წერილი გამოაქვეყნეს, რომელშიც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს უკრაინის შეიარაღებისთვის კოლექტიური ძალისხმევის გაზრდისკენ მოუწოდებენ.
„ჩვენ უკრაინის მეგობრებსა და პარტნიორებს მოვუწოდებთ, რომ უკრაინის მდგრადი გრძელვადიანი სამხედრო მხარდაჭერის მიმართ თავიანთი ვალდებულება, როგორც საერთო ევროპული პასუხისმგებლობა, დაადასტურონ. ეს ის გადაწყვეტილებაა, რომელიც ყველა სახელმწიფომ უნდა მიიღოს. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს უკრაინა რუსული აგრესიისგან თავის დაცვისას წარმატების მიღწევას.
„გასული წლის დასაწყისში, ევროკავშირმა ამბიციური მიზნის მიღწევის ვალდებულება აიღო. 2024 წლის მარტის ბოლომდე უკრაინისთვის მილიონი საარტილერიო ჭურვი უნდა მიგვეწოდებინა. მკაცრი სიმართლე: ჩვენ ამ მიზანს ვერ მივაღწიეთ,“ - წერენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები.
ევროკავშირის ლიდერების თქმით, უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების მხარდაჭერა და გაძლიერება, როგორც ევროპის, ისე უკრაინის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს წარმოადგენს.
„თუ უკრაინა დამარცხდება, გრძელვადიანი შედეგები და ხარჯები ყველა ჩვენგანისთვის გაცილებით მაღალი იქნება. ჩვენ ევროპელებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვაქვს. ამიტომ, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ. ევროპის მომავალი სწორედ ამაზეა დამოკიდებული," - აღნიშნულია წერილში.