უკრაინული მედიის ცნობით, სანქტ-პეტერბურგის ნავთობგადასამუშავებელი ქარხნის, „ნევსკი მაზუთის“ ტერიტორიაზე დრონი ჩამოვარდა. ამის შესახებ РБК-Україна უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოზე დაყრდნობით წერს.
რუსებმა საჰაერო თავდაცვის სისტემის S-400 კომპლექსის გამოყენებით სცადეს უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდება, თუმცა დრონი ნევსკის ნავთობგადასამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე დაეცა.
„მათ, ჩვენი დრონების გასანადგურებლად S-400 სისტემები გამოიყენეს. საინტერესოა, თუ როგორ მუშაობს ეს რუსული საჰაერო თავდაცვის საშუალება, რადგან მას შემდეგ, რაც სავარაუდოდ, დრონი ჩამოაგდეს, ის მაინც ჩვენს სამიზნე ტერიტორიაზე დაეცა,“ - ამბობს სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელი.
ოფიციალური ინფორმაციით, მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
რუსული Telegram არხების ცნობით, ქარხანაში პირველი აფეთქების ხმა ადგილობრივი დროით 04:00 საათისთვის გაისმა.
რუსული წყაროების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ დრონის ჩამოგდება მოხერხდა, მისმა დაცემამ მაინც დააზიანა რამდენიმე ცისტერნა და მანქანა. გავრცელებული ინფორმაციით, ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარიც გაჩნდა.
სანქტ-პეტერბურგის ადმინისტრაცია იუწყება, რომ „სამრეწველო ზონაში ინციდენტი მოხდა, რომლის გარემოებებსაც სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად ადგენენ.“