კიევმა და ანკარამ უკრაინის რეკონსტრუქციისთვის ერთობლივი სამუშაო ჯგუფი შექმნეს

უკრაინის აღდგენის ფორუმზე, რომელიც სტამბოლში იმართება, ჩამოყალიბდა ერთობლივი უკრაინულ-თურქული რეკონსტრუქციის სამუშაო ჯგუფი, რომელიც ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდასაჭერად იმუშავებს.


პრიორიტეტული მიმართულებებია საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენა და დროებითი ხიდების და ესტაკადების მშენებლობა მთავარ მარშრუტებზე; წყალსატრანსპორტო ინფრასტრუქტურის აღდგენისა და განვითარების პროექტები; კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა და საცხოვრებელი სახლების აღდგენა. ასევე, ავიაცია.


მხარეებმა ასევე განიხილეს რეკონსტრუქციაში თურქული ბიზნესის ჩართვის პრაქტიკული ნაბიჯები, მათ შორის, საპროექტო გადაწყვეტილებების შემუშავება აკვატორიისა და უკრაინის საზღვაო პორტების განვითარებისთვის, ასევე, გზების მშენებლობა და საჰაერო მგზავრობის აღდგენა.

„თურქეთის მთავრობასა და ბიზნეს სტრუქტურებს აქვთ ღრმა ტექნიკური გამოცდილება ავღანეთისა და ერაყის ომის შემდეგ ინფრასტრუქტურის აღდგენის საქმეში. ამავდროულად, ჩვენ გვაქვს საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან და ორგანიზაციებთან მუშაობის მნიშვნელოვანი გამოცდილება. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ასეთი ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ორივე ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის გაზრდას, ლოგისტიკის გაფართოებას და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოებას,“ - განაცხადა უკრაინის ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრმა ალექსანდრე კუბრაკოვმა.