ევროკავშირის ელჩი: მზად ვართ, ვიმუშაოთ ახლად არჩეულ პრემიერთან და ახლად დანიშნულ მინისტრებთან, რათა საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე წარმატებას მიაღწიოს

მინდა დაგარწმუნოთ, რომ როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა იყოს მიღებული, ჩვენ, ევროკავშირი, მზად ვართ ვიმუშაოთ ახლად არჩეულ პრემიერ-მინისტრთან და ახლად დანიშნულ მინისტრებთან იმისთვის, რომ საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე წარმატებას მიაღწიოს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განუცხადა.


„მე, როგორც უცხო ქვეყნის დიპლომატმა, ძალიან სიფრთხილე უნდა გამოვიჩინო ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემისას. რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვმუშაობდით წინა მთავრობასთან, წინა პრემიერ-მინისტრთან, გასული წლის 14 დეკემბერს ჩვენ გვქონდა ევროპული საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილება, მიენიჭებინა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი და მოუთმენლად ველი ძალიან მჭიდრო და კონსტრუქციულ თანამშრომლობას შემდეგ მთავრობასთან და პრემიერ-მინისტრთან.


ვიცით, რომ დღეს გარკვეული განცხადებები გველოდება. პარლამენტში პროცესი მიმდინარეობს. მე თვითონ ძალიან მაინტერესებს, როგორი იქნება ახალი მთავრობის შემადგენლობა, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა იყოს მიღებული, ჩვენ, ევროკავშირი, მზად ვართ ვიმუშაოთ ახლად არჩეულ პრემიერ-მინისტრთან და ახლად დანიშნულ მინისტრებთან იმისთვის, რომ საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე წარმატებას მიაღწიოს,“ - აღნიშნა ელჩმა სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით.