ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ ერთსულოვანი გადაწყვეტილება მიიღეს

უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების გამოყოფის შესახებ შეთანხმება მიღწეულია. შესაბამისი განცხადება ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა გააკეთა.

„შეთანხმება გვაქვს. 27-ვე ლიდერი შეთანხმდა ევროკავშირის ბიუჯეტის ფარგლებში უკრაინისთვის დამატებითი, 50 მილიარდი ევროს ოდენობის მხარდაჭერის პაკეტის გამოყოფაზე,“ - წერს მიშელი სოციალურ ქსელში.


მისი თქმით, ეს დახმარება უზრუნველყოფს უკრაინის მტკიცე, გრძელვადიან და პროგნოზირებად დაფინანსებას.

„ევროკავშირი იღებს ხელმძღვანელობას და პასუხისმგებლობას უკრაინის მხარდასაჭერად; ჩვენ ვიცით, რა დევს სასწორზე“, - წერს მიშელი.

უკრაინისთვის გათვალისწინებული თანხის ნაწილი, 17 მილიარდი, პირდაპირი დახმარება იქნება, დანარჩენი 33 მილიარდი კი, მომავალი ოთხი წლის განმავალობაში კიევს კრედიტების ფორმით გადაერიცხება.


შეგახსენებთ, შეთანხმება მიღწეულია უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის რამდენიმეკვირიანი წინააღმდეგობის შემდეგ.

ორბანმა უკრაინისთვის დახმარების გამოყოფას დეკემბერში ვეტო დაადო.