ყაზახეთის ეროვნულმა მუზეუმმა ექსპოზიციიდან ამოიღო ყოფილი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის ძეგლი, რომელიც 2018 წელს დამონტაჟდა. როგორც რადიო თავისუფლების ყაზახური სამსახური იუწყება, რომ ნაზარბაევის ძეგლი დარბაზში პირველ სართულზე იდგა, ამჟამად კი საწყობი ინახება.
როგორც მედია წერს, ძეგლის უკანა მხარეს გაკეთებული იყო დაფა, რომელსაც ლათინურად შემდეგი შინაარსის წარწერა ჰქონდა: „ჩემი ოცნებაა, ყაზახეთი იყოს მარადიული ქვეყანა. დრო გაივლის, ხალხი წავა, მაგრამ დამოუკიდებლობა დარჩება." ჯერჯერობით ეს დაფა ციფრული ეკრანით არის დაფარული.
მუზეუმის პირველ სართულზე აღარ ჩანს ნაზარბაევის მასშტაბური პორტრეტი, რომელიც შენობის ცენტრში იყო განთავსებული. ყაზახეთის ექსპრეზიდენტსა და მის პრესმდივანს ძეგლის დემონტაჟსა და ნახატის გადატანაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ეს ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ასტანაში ნაზარბაევის ძეგლის დემონტაჟის მეორე შემთხვევაა. გასულ თვეში ყოფილი პრეზიდენტის ძეგლი თავდაცვის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიიდანაც აიღეს.
ძეგლი, რომელშიც ნაზარბაევი სამხედრო ფორმაშია გამოსახული, 2020 წელს გაიხსნა, ყოფილი პრეზიდენტის მე-80 დაბადების დღის აღსანიშნავად.
2022 წლის იანვარში ქვეყანა მოიცვა უპრეცედენტო ანტისამთავრობო გამოსვლებმა, რომლებსაც მსხვერპლი მოჰყვა და რომელთა შედეგადაც დასუსტდა ნაზარბაევისა და მისი კლანის გავლენები. მისი ნათესავები და ახლობლები დაითხოვეს ოფიციალური და ბიზნესპოზიციებიდან, რამდენიმე მათგანი დააპატიმრეს.