შეერთებული შტატები მუშაობს შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობის ხელშეწყობაზე მრავალმხრივი მიდგომით, რათა გააძლიეროს საზღვაო უსაფრთხოება და შავი ზღვის პარტნიორების ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობა. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწემ საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში სელესტ უოლენდერმა განაცხადა.
- „ჩვენ ვაგრძელებთ ინვესტირებას უსაფრთხოების დახმარების პროგრამებში. [შეერთებულმა შტატებისთვის] პრიორიტეტულია უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის სტრატეგიული და მოკლე დისტანციური საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება. ჩვენ მიერ მიწოდებული სისტემები, მათ შორის, NASAMS-ის სისტემები უკრაინას საშუალებას აძლევს, ეფექტიანად დაიცვას კრიტიკული ინფრასტრუქტურა, როგორიცაა, მისი ელექტრო ქსელები, ენერგეტიკული სისტემები და უკრაინის პორტები.“
უოლენდერმა ისაუბრა იმაზე, თუ როგორ ანიჭებენ აშშ მთავრობა და მისი მოკავშირეები შავი ზღვის რეგიონს პრიორიტეტს და უკრაინის მხარდაჭერას. მან ასევე განიხილა შეერთებული შტატების კონკრეტული პოლიტიკა, რომელიც დაეხმარება რეგიონს, „დაიცვას თავისი ტერიტორიული მთლიანობა და გაუმკლავდეს რუსეთის მიერ დესტაბილიზაციის გამოწმვევ ქმედებებსა და მისგან მომდინარე საფრთხეებს.“
„შეერთებული შტატების სტრატეგია უნდა გვარწმუნებდეს, რომ შავი ზღვა არ გახდება "რუსეთის ტბა." პრაქტიკული ნაბიჯები კომერციული წვდომის შესანარჩუნებლად და რეგიონულ სახელმწიფოებს შორის თავსებადობის გასაუმჯობესებლად, არამხოლოდ ეხმარება NATO-ს, არამედ, ინარჩუნებს თანამშრომლობის გზას ჩვენს ისეთ პარტნიორებთან, როგორიცაა, საქართველო და სამხრეთ კავკასიის [სხვა] ქვეყნები, რომლებიც საკუთარი ეკონომიკური საარსებო წყაროს დასაცავად, უფრო უსაფრთხო შავ ზღვაზე ამახვილებენ ყურადღებას,“ - აღნიშნა უოლენდერმა.
მან რეგიონული კავშირებისა და თანამშრომლობის წახალისების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მისი შეფასებით, კოორდინაციის გაძლიერება „არამარტო დაეყრდნობა უკრაინის არსებულ და საკმაოდ წარმატებულ ძალისხმევას, რათა რუსეთი შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს არ გადასცეს, არამედ, გააძლიერებს უკრაინის საზღვაო შესაძლებლობებს და მის შესაძლებლობებს, დაიცვას თავისი ტერიტორია და მისი ეკონომიკა მომდევნო წლებში.“
„საქართველოში შეერთებული შტატები თავდაცვის სფეროში ჩვენი პარტნიორობის ერთგული რჩება და ახორციელებს თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებისათვის საჭირო რეფორმების მნიშვნელოვან პროგრამებს,“ - აღნიშნა უოლენდერმა