ალიევმა მშვიდობის მიღწევის პირობად, სომხეთის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა დაასახელა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის მიღწევა, სომხეთის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შემდეგ იქნება შესაძლებელი. ალიევის განმარტებით, თუ სომხეთი დაასრულებს ტერიტორიულ პრეტენზიებს აზერბაიჯანის მიმართ და შეიტანს ცვლილებას კონსტიტუციასა და სხვა სამართლებრივ დოკუმენტებში, მაშინ მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია.


მან ასევე აღნიშნა, რომ რამდენიმე თვეა, ორი ქვეყნის საზღვარზე მშვიდი ვითარებაა.მაგრამ იმისათვის, რომ ეს პროცესი ლოგიკურ დასასრულამდე მივიდეს, აუცილებელია სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერა და აზერბაიჯანის მიმართ სომხეთის ტერიტორიული პრეტენზიების დასრულება.“


ალიევმა მიუთითა, რომ სომხეთის დამოუკიდებლობის დეკლარაცია შეიცავს პირდაპირ მოწოდებებს აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონის სომხეთთან გაერთიანებისა და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის შესახებ და ამ დოკუმენტზე მითითებები ასახულია სომხეთის კონსტიტუციაშიც.


„გარდა ამისა, სომხეთის სხვა სამართლებრივ დოკუმენტებში ასევე არის ტერიტორიული პრეტენზიები აზერბაიჯანის მიმართ, ბევრ კონვენციაში, რომელსაც შეუერთდა სომხეთი და სხვა დოკუმენტებში არის მრავალი დათქმა, რომელიც არ ცნობს აზერბაიჯანის სუვერენიტეტს ყარაბაღზე,“ - განაცხადა ალიევმა.

მანამდე კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის აუცილებლობაზე ისაუბრა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმაც. სომხეთის კონსტიტუცია, კერძოდ, შეიცავს მითითებას სომხეთის სსრ-ისა და მთიანი ყარაბაღის გაერთიანების შესახებ დადგენილებაზე. პრობლემურად განიხილება დამოუკიდებლობის დეკლარაციის მე-11 პუნქტი, რომელშიც ნათქვამია, რომ სომხეთი მხარს უჭერს 1915 წელს ოსმალეთის იმპერიის მიერ განხორციელებული სომეხთა გენოციდის საერთაშორისო აღიარებას.