უკრაინელმა მაშველებმა კრივი-რიჰის ორი შახტიდან 113-ვე მაღაროელი ამოიყვანეს. ისინი მიწის ზედაპირზე ამოსვლას ვერ ახერხებდნენ მას შემდეგ, რაც დრონებით შეტევისას ელექტროქვესადგურის დაზიანების გამო შახტების ენერგომომარაგება შეწყდა.
დნეპროპეტროვსკის ოლქის ამ ქალაქს ერთ-ერთი ქვესადგურის დაზიანების შედეგად, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა 100 ათასამდე აბონენტს. შახტების გარდა, ენერგომომარაგების გარეშე დარჩა საავადმყოფოების და სასწავლო დაწესებულებების ნაწილი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გამოიყენეს 25 უპილოტო საფრენი აპარატი. გენშტაბის თანახმად, უკრაინის თავდაცვის ძალებმა 11 დრონი გაანადგურეს. უკრაინის ხელისუფლების ცნობით, გასული ღამის განმავლობაში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს უკრაინის სამხრეთ და ცენტრალურ ოლქებს.