კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი მელანი ჯოლი კიევში ჩავიდა. მან დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების სახლში დასაბრუნებლად, კოალიციის ამოქმედების შესახებ გამოაცხადა. კანადელმა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ბავშვებს წაართვეს საკუთარი ენა.
„ბავშვების დაბრუნების მნიშვნელობა არ შეიძლება, რომ გაუფერულდეს, რადგან ეს კაცობრიობის საკითხია და სწორედ ამიტომ დღეს, კანადა და უკრაინა შექმნიან კოალიციას რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების დასაბრუნებლად,“ - აღნიშნა მინისტრმა.
ჯოლის თქმით, კანადა სხვა ქვეყნების ინფორმირებას მოახდენს, მათ შორის, გაესაუბრება მექსიკას, ბრაზილიას, კატარსა და სხვა ქვეყნებს.
მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ მისი ქვეყანა იმუშავებს იმ ქვეყნებთან, რომლებსაც რუსეთთან პირდაპირი ურთიერთობა აქვთ.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის თითქმის ორი წლის თავზე, უკრაინის ადამიანის უფლებათა კომისარი დმიტრო ლუბინეცი ამბობს, რომ 20 000-მდე უკანონოდ გატაცებული ბავშვიდან, შინ მხოლოდ 517 დაბრუნდა.
ოფიციალური მოონაცემების თანახმად, უკრაინიდან რუსეთში, იძულებით, სულ მცირე 19 546 ბავშვი გადაასახლეს. ეს ციფრი მხოლოდ ოფიციალურად დადასტურებულ ინფორმაციას ასახავს, თუმცა, უფლებადამცველები ვარაუდობენ, რომ რეალური მაჩვენებელი ბევრად მაღალია.
ლუბინეცმა, დავოსში, მსოფლიოს ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა, რომ შინ 2 828 ზრდასრული მოქალაქე დაბრუნდა, მათ შორის, 150 სამოქალაქო პირი. უკრაინის მიზანი კი, ყველა მოქალაქის შინ დაბრუნებაა, რისთვისაც საერთაშორისო საზოგადოებამ მუშაობა უნდა გააძლიეროს.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ, გასულ წელს, ვლადიმერ პუტინისა და რუსეთის ბავშვთა უფლებების კომისიონერის, მარია ლვოვა-ბელოვას წინააღმდეგ დაკავების ორდერი, სწორედ ბავშვების უკანონო დეპორტაციის ბრალდებით გასცა. სასამართლოს შეფასებით, პუტინი და ლვოვა-ბელოვა, სხვებთან ერთად და სხვების მეშვეობით, ამ უკანონო ქმედებას თავად ახორციელებდნენ.
კრემლი იძულებითი დეპორტაციის შესახებ ბრალდებებს უარყოფს. რუსეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მან ბავშვები "გადაარჩინა" და მზადაა, ისინი საკუთარ მშობლებსა და კანონიერ მზრუნველებს მოთხოვნისთანავე დაუბრუნოს.
სასამართლოს თანახმად კი, რუსეთის პრეზიდენტმა არ უზრუნველყო შესაბამისი კონტროლი სამოქალაქო და სამხედრო დაქვემდებარებულ პირებზე იმისთვის, რომ ეს ქმედებები აღკვეთილიყო. ან, რომ მან, მათი ჩადენის უფლება მისცა მათ, ვინც უშუალოდ მას ემორჩილება. შესაბამისად, ეს მისი პირდაპირი პასუხისმგებლობაა.