ბლინკენი ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვს ჰუმანიტარული დახმარებისა და ისრაელის რეგიონული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა იმედი გამოთქვა, რომ ისრაელელი მძევლების განთავისუფლების შესახებ შეთანხმება მიიღწევა.

„დიდი სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი და მთლიანად კონცენტრირებული ვართ ამ სამუშაოზე, იმედი მაქვს გავაახლებთ მძევლების განთავისუფლებას, რომელიც შეჩერდა,“ - განაცხადა ბლინკენმა ისრაელის პრეზიდენტ, იცხაკ ჰერცოგთან შეხვედრის წინ.


Reuters-ის ცნობით, ბლინკენი და სხვა ამერიკელი მაღალი რანგის მოხელეები მიიჩნევენ, რომ მძევლების განთავისუფლების სანაცვლოდ ისრაელსა და ჰამასს შორის ხანგძლივი ცეცხლის შეწყვეტა საუკეთესო გზაა ისრაელის მომავალი ინტეგრაციის თაობაზე მოლაპარაკებისთვის, საუდის არაბეთთან მისი ურთიერთობის ნორმალიზების ჩათვლით. ოფიციალური პირების აზრით, ღაზის ვექტორში ჰუმანიტარული ტვირთის ჩატანა ასევე დამოკიდებულია საომარი მოქმედების შეწყვეტასთან.


როგორც Reuters-ი წერს, ჰამასის მაღალი რანგის წარმომადგენელმა, უსამა ბაჰდანმა განაცხადა, რომ მათი დელეგაცია ეგვიპტეში მიემგზავრება 8 თებერვალს კატარის და ეგვიპტის წარმომადგენლებთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოსალაპარაკებლად.


უფრო ადრე ბლინკენი ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა და განიხილა „ჰამასის“ შემხვედრი წინადადება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელიც ამერიკელმა და ისრაელელმა წარმომადგენლებმა შექმნეს და დაჯგუფებას კატარელი და ეგვიპტელი შუამავლების საშუალებით გადასცეს. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი და მოსადის დირექტორი დავიდ ბარნეა.


ისრაელის პრემიერმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ომის ერთადერთი გამოსავალი ჰამასზე სრული გამარჯვებაა. “საომარი ზეწოლის გაგრძელება მძევლების გათავისუფლების აუცილებელი პირობაა,“ - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.


ეს ბლინკენის უკვე მეხუთე ვიზიტია ახლო აღმოსავლეთში 7 ოქტომბერს ისრაელზე ჰამასის თავდასხმის შემდეგ" რომლის დროსაც ის შეხვდა და ეგვიპტის და კატარის - ჰამასთან მძევლების შესახებ მოლაპარაკების შუამავალი ქვეყნების ლიდერებს.

ბლინკენმა ასევე განაცხადა, რომ გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების უწყება უნდა შენარჩუნდეს. მისი თქმით, გაეროს მისია ღაზის სექტორში აფასებს სამოქალაქო მოსახლეობის საცხოვრებელ პირობებს.

ნეთანიაჰუს მან თავის შეშფოთება გამოუცხადა, ისრაელის ოფიციალური პირების რიტორიკის გამო, რომელიც ვითარებას ძაბავს. სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ჰამასის პასუხი იძლევა სივრცეს შეთანხმებისთვის. მან განაცხადა ასევე, რომ პალესტინელთა ავტონომიამ თვითონ უნდა მოახერხოს რეფორმირება და კვლავ ამოქმედება.