უკრაინელებმა 11 დრონი ჩამოაგდეს - საჰაერო ძალები

უკრაინის საჰაერო ძალების მონაცემებით, უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის მიერ გაშვებული 17-დან 11 დრონი გაანადგურეს. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით ყირიმიდან შეუტიეს.


დრონებით იერიში იყო ოდესის, ნიკოლაევის, ვინიცისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებზე.

ქალაქ ნიკოლაევის მერის, ოლექსანდრ სენკევიჩის ინფორმაციით, დაზიანებულია 20-ზე მეტი სახლი, საოფისე შენობები და კერძო საწარმო. მსხვერპლი არ არის. საცხოვრებელი კორპუსი და სასწავლო დაწესებულება დაზიანდა ოდესაში.

ვინიცის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, მოგერიებული დრონების ნამსხვრევების ჩამოცვენის შედეგად ხანძარი გაჩნდა ინფრასტრუქტურის ერთ-ერთ ობიექტზე. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით არცერთი რეგიონიდან არ გავრცელებულა.