ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 16 წლის ვაჟმა ადამმა დუბაიში, ე.წ. სპეცდანიშნულების რაზმების შეჯიბრებებში, UAE SWAT Challenge-ში, ჯილდო მიიღო. კონკურსის ოთხი დღის შედეგებით, საუკეთესო მაჩვენებლები ჰქონდა გუნდ „ახმატს“, რომელიც ჩეჩნეთის შსს სპეციალური პოლკის მეომრებისგან შედგება.
სახელმწიფო სააგენტო „გროზნი-ინფორმის“ თანახმად, ჩეჩნეთის ხელმძღვანელის ვაჟი დაჯილდოებას ესწრებოდა საკუთარი მამის „უსაფრთხოების უზრუნველყოფის განყოფილების ხელმძღვანელის“ რანგში - ეს თანამდებობა ადამ კადიროვმა შემოდგომაზე მიიღო მას შემდეგ, რაც საგამოძიებო იზოლატორში სცემა ნიკიტა ჟურაველს, რომელიც ყურანის დაწვისთვის დააპატიმრეს.
უმცროსი კადიროვი შეჯიბრში არ მონაწილეობდა, მაგრამ სცენაზე ჯილდოს მისაღებად პირველი გავიდა. ეს ჩანს ვიდეოში, რომელიც ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, მაგომედ დაუდოვმა გამოაქვეყნა. მისი სიტყვებით, ადამ კადიროვი დუბაის შეჯიბრებებზე „მხარს უჭერდა“ „ახმატის“ მეომრებს.
„სპეცდანიშნულების რაზმების შეჯიბრებების“ პირველ დღეს დუბაიში „ახმატმა“ მეოთხე ადგილი დაიკავა. მას გაუსწრეს გუნდებმა ყაზახეთიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან. ანალოგიური შედეგი აჩვენა კადიროვის სპეცდანიშნულების რაზმმა კონკურსის მეორე დღეს. მან წააგო ბელარუსის, ყირგიზეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მებრძოლებთან. მესამე დღეს „ახმატმა“ მე-12 ადგილი დაიკავა და ჩამორჩა ბაჰრეინის, სამხრეთ აფრიკის, სერბეთის, აშშ-ისა და თურქეთის გუნდებს.