ფინეთი რუსეთთან საზღვარს კიდევ სულ მცირე ორი თვე არ გახსნის

რუსეთთან ფინეთის საზღვარი კიდევ სულ მცირე ორი თვე იქნება ჩაკეტილი. ფინეთის სახელმწიფო საბჭომ ხუთშაბათს მიიღო გადაწყვეტილება, რომ საკონტროლო-გამშვები პუნქტები ფინეთ-რუსეთის საზღვარზე არ გახსნას. მათი ჩაკეტვის ვადა 14 აპრილამდე გაგრძელდა.

ფინეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მარი რანტანენმა განაცხადა, რომ შეზღუდვების არარსებობის შემთხვევაში, აღმოსავლეთ საზღვრის მეშვეობით ფინეთში ჩასული თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა 10-დან 20 ათასამდე იქნებოდა.


„მიღებული ინფორმაცია ადასტურებს, რომ რუსეთი თავის ჰიბრიდულ ოპერაციას აგრძელებს. არსებობს იმის საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ეს გრძელვადიან ვითარებას წარმოადგენს. რუსეთის სასაზღვრო ზონაში სულ მცირე ასობით და შესაძლოა ათასობით მიგრანტია, რომლებიც ფინეთში მოგზაურობის გაგრძელებას ელოდებიან,“ - განაცხადა ფინეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მარი რანტანენმა.


გასულ კვირას ფინეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორპომ განაცხადა, რომ რუსეთთან ფინეთის აღმოსავლეთი საზღვარი დახურული დარჩება, რადგან ქვეყნის საზღვრების უსაფრთხოება ნომერ პირველ პრიორიტეტს წარმოადგენს.