გერმანიის კანცლერი დასავლელ პარტნიორებს მოუწოდებს, შეცდომა არ დაუშვან და ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ უკრაინას დაემარონ და რუსეთის გამარჯვება არ დაუშვან.
ოლაფ შოლცს თქმით, „ყველაფერი უნდა გაკეთდეს, იმისთვის, რომ რუსეთმა არ გაიმარჯვოს, თუ ეს ასე არ მოხდა, შესაძლოა, მალე გავიღვიძოთ უფრო არასტაბილურ, სახიფათო და არაპროგნოზირებად სამყაროში.“
„ნუ დაუშვებთ შეცდომას: რუსეთის გამარჯვება უკრაინაში არამხოლოდ უკრაინის, როგორც თავისუფალი, დემოკრატიული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს დასასრული იქნება, არამედ მკვეთრად შეცვლის ევროპის სახეს.
ეს მძიმე დარტყმას მიაყენებს ლიბერალურ მსოფლიო წესრიგს. რუსეთის სასტიკი მცდელობა, მიიტაცოს ტერიტორიები ძალის გამოყენებით, შეიძლება გახდეს გეგმა სხვა ავტორიტარული ლიდერებისთვის მთელს მსოფლიოში. ეს არის ის, რის გამოც აშშ და ევროპა უჭერენ მხარს უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლას,“ - წერს ოლაფ შოლცი სტატიაში, რომელსაც The Wall Street Journal-ი აქვეყნებს.
შოლცის თქმით, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში, ჯერჯერობით, ომის ვერცერთ მიზანს ვერ მიაღწია.
„მას ეგონა, რომ ორ კვირაში შეძლებდა უკრაინის დედაქალაქის, კიევის აღება. ორი წლის შემდეგ ის ჯერ კიდევ შორს არის ამის მიღწევისგან და უკრაინა მამაცურად ეწინააღმდეგება რუსეთის თავდასხმას. ეს არის უკრაინელი ხალხის გმირული ბრძოლის შედეგი, მაგრამ ეს ასევე არის დასავლეთის ფისკალური და ჰუმანიტარული მხარდაჭერისა და უკრაინაში იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდების შედეგი,“ - აცხადებს შოლცი.
გერმანიის კანცლერი ხაზს უსვამს უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების და უკრაინის გამარჯვების მნიშვნელობას.
„ჩვენი გზავნილი ნათელია: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ რუსეთმა არ გაიმარჯვოს. თუ ეს ასე არ მოხდა, შესაძლოა მალე გავიღვიძოთ უფრო არასტაბილურ, სახიფათო და არაპროგნოზირებად სამყაროში, ვიდრე ეს იყო ცივი ომის დროს. ჩვენი მხარდაჭერის მიუხედავად, უკრაინას შესაძლოა, იარაღისა და საბრძოლო მასალის სერიოზული დეფიციტი შეექმნას.
ზოგიერთი ფინანსური ვალდებულება უკვე ამოიწურა, ზოგი კი გახანგრძლივებას საჭიროებს. ბატონი პუტინის აგრესიის შეჩერების მარცხის გრძელვადიანი შედეგები და ხარჯები შეაჩერებს ნებისმიერ ინვესტიციას, რომელსაც ჩვენ ახლა ვახორციელებთ,“ - აცხადებს ოლაფ შოლცი.