„მას მადლობა გადავუხადე უკრაინის ორი წლის განმავლობაში დაცვისთვის. განვიხილეთ, თუ როგორ განახლებას საჭიროებს უკრაინის შეიარაღებული ძალები. ასევე განვიხილეთ, ვინ შეიძლება იყოს უკრაინის შეიარაღებული ძალების განახლებულ ხელმძღვანელობაში. ასეთი განახლებისთვის დრო სწორედ ახლაა. ვალერი ფიოდორის ძეს [ზალუჟნის] მომავალშიც შევთავაზე გუნდში ყოფნა,,”- წერდა ზელენსკი სოციალურ ქსელში.
თავის მხრივ, საკითხზე კომენტირებისას უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი აღნიშნავდა, რომ „ომი იცვლება და ცვლილებებს მოითხოვს.“
„საბრძოლო ქმედებები 2022, 2023 და 2024 წლებში - სამი სხვადასხვა რეალობაა. 2024 წელი ახალ ცვლილებებს მოიტანს, რომლებისთვისაც მზად უნდა ვიყოთ. საჭიროა ახალი მიდგომები, ახალი სტრატეგიები. დღეს მიღებულია გადაწყვეტილება უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობის შეცვლის შესახებ. გულწრფელად მადლობელი ვარ, ვალერი ფიოდორის ძე [ზალუჟნი], ყველა მიღწევისთვის და გამარჯვებისთვის. დიდება უკრაინას,” - წერს უმეროვი.
თავად ზალუჟნიმ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2022 წლის ამოცანები განსხვავდება ამჟამინდელი ამოცანებისგან, ამიტომ გამარჯვებისთვის ყველა უნდა შეიცვალოს და მოერგოს ახალ რეალობას.
„ჩვენ ერთად გადავრჩით. ჩვენი ბრძოლა გრძელდება და იცვლება ყოველდღე. 2022 წლის ამოცანები განსხვავდება 2024 წლის ამოცანებისგან. ამიტომ ყველა უნდა შეიცვალოს და ახალ რეალობასაც მოერგოს. ერთად გავიმარჯვოთ,“ - განაცხადა ზალუჟნიმ.
შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თქმით, მას და პრეზიდენტს მნიშვნელოვანი და სერიოზული საუბარი ჰქონდათ და მიიღეს გადაწყვეტილება მიდგომებისა და სტრატეგიის შეცვლაზე.
„მე ვამაყობ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ყველა ადამიანით, ვინც იცავს ჩვენი შვილების მომავალს. ქედს ვიხრი ყველას წინაშე, ვინც სიცოცხლე გაწირა უკრაინისა და თავისუფლებისთვის. ჩვენ გვახსოვს და შურს ვიძიებთ. უკრაინელები აუცილებლად გაიმარჯვებენ. დიდება უკრაინას!“ - ამბობს ზალუჟნი.