„ჩემი ახალი სტატუსიდან გამომდინარე, აუცილებლად მომიწევს „გამყოფ ხაზთან“ ჩასვლა, ეს სტატუსთან არის არსებითად დაკავშირებული“, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მედიასთან განაცხადა მას შემდეგ, რაც პარლამენტმა პრემიერის პოსტზე მისი კანდიდატურა დაამტკიცა.
„მომიწევს ადგილზე ვითარების გაცნობა. დღეს გვქონდა საუბარი საპარლამენტო განხილვის დროს იმ საჭიროებებზე, რომელიც აქვს გამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას. ბუნებრივია, ამით უნდა დავინტერესდეთ და მათ შორის, ადგილზე ვიზიტიც იქნება მნიშვნელოვანი, რომ მათ წინაშე არსებული პრობლემები გადაიჭრას,“ – განაცხადა კობახიძემ.
2022 წლის ივნისში მან მმართველი პარტიის "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ერთ-ერთ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ როგორც პარტიის თავმჯდომარე, არ არის ნამყოფი საოკუპაციო ხაზთან.
„რა შემთხვევაში უნდა ჩავსულიყავი საოკუპაციო ხაზთან?" - უპასუხა მან მაშინ ჟურნალისტს და აღნიშნა, რომ საოკუპაციო ხაზთან "მთელი ხელისუფლება დადის" და ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებს ეცნობა.
„მილიონი პროექტი განხორციელდა, გაზი, წყალი, რაც მოსახლეობას აწუხებს... მე რაზე ჩავიდე დღეს იქ? უმრავლესობის ლიდერი და პარტიის თავმჯდომარე რატომ უნდა ჩავიდეს იქ, როცა კონკრეტული საკითხი არ არის გადასაჭრელი?" - განაცხადა კობახიძემ.