რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი რუსეთში დაპატიმრებული ამერიკელი ჟურნალისტის სანაცვლოდ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულის გადაცემას ითხოვს.
პუტინმა ხანგოშვილზე, მის მკვლელსა და გერშკოვიჩზე ამერიკელ ჟურნალისტ ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში ისაუბრა. ინტერვიუ 6 თებერვალს ჩაწერეს და 9 თებერვალს გამოქვეყნდა.
გერშკოვიჩი The Wall Street Journal-ის რეპორტიორია, რომელიც „ჯაშუშობის“ ბრალდებით დააკავეს 2023 წლის მარტში.
ხანგოშვილის მკვლელობისათვის კი, გერმანიაში გასამართლებულია ვადიმ კრასიკოვი (იგივე ვადიმ სოკოლოვი).
ხანგოშვილი საქართველოს ეთნიკურად ჩეჩენი მოქალაქე იყო. იგი ჩეჩნეთის მეორე ომში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა.
ზელიმხან ხანგოშვილი (იგივე თორნიკე ქავთარაშვილი), რომელზეც რუსეთში ძებნა იყო გამოცხადებული „ტერორიზმის" ბრალდებით, 2019 წლის 23 აგვისტოს ბერლინში მოკლეს.
პოლიციამ იმავე დღეს დააკავა ეჭვმიტანილი, რომელსაც თან ჰქონდა ევროპაში გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე ვინმე ვადიმ სოკოლოვის სახელზე გაცემული ყალბი რუსული პასპორტი.
მოგვიანებით დადგინდა, რომ ეს პირი რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომელი ვადიმ კრასიკოვია.
2021 წლის 15 დეკემბერს, ბერლინის სასამართლომ კრასიკოვს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლომ დაადგინა, რომ დამნაშავე რუსეთის მთავრობის დაკვეთით მოქმედებდა და ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა იყო შურისძიება ჩეჩნეთის მეორე ომში მისი მონაწილეობის გამო.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ იმავე წლის 17 დეკემბერს განაცხადა, რომ საქართველო „გმობს და შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს მოქალაქის მკვლელობის გამო და მოუწოდებს მსოფლიო თანამეგობრობას სათანადო შეფასება მისცეს მომხდარს.“
ზელიმხან ხანგოშვილმა, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა, ქვეყანა დატოვა მასზე 2015 წელს თბილისში განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმისა და მკვლელობის მცდელობის შემდეგ. ეს თავდასხმა დღემდე გამოუძიებელია.