საქართველოში ვიზიტით ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე იმყოფება. თავდაცვის უწყებაში გენერალ რობერტ ბრიგერს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა უმასპინძლა.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გენერალურ შტაბში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირთან სამხედრო სფეროში პარტნიორობის საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
„თავდაცვის ძალების მეთაურმა ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში საქართველოს თავდაცვის ძალების მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ დაადასტურა იმ რეფორმებისა და ღირებულებების ერთგულება, რასაც სამხედრო სფეროში საქართველოსა და ევროკავშირის კავშირები ეფუძნება.
შეხვედრაზე ერთიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში ევროკავშირთან საქართველოს თანამშრომლობის მზარდ დინამიკაზე გაამახვილეს ყურადღება და ის მექანიზმები მიმოიხილეს, რაც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და თავდაცვითი შესაძლებლობების ამაღლებას ისახავს მიზნად.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გენერალი რობერტ ბრიგერი NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრსაც (JTEC) ესტუმრა, სადაც ცენტრის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, თანამშრომლობის გეგმებზე იმსჯელეს. სტუმარმა დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას პატივი გმირთა მოედანზე მიაგო. ორდღიანი ვიზიტის განმავლობაში დაგეგმილია ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის დელეგაციის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრა, ასევე საოკუპაციო ხაზის მონახულება,“ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.