ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ხშირად გადმოჰყავთ. ამის გამო დე ფაქტო ხელისუფლება შეშფოთებას გამოთქვამს და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს ე.წ სასაზღვრო კანონმდებლობის დარღვევაში ადანაშაულებს.
დე-ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი, სოფლების ადმინისტრაციების ხელმძღვანელებს მოუწოდებს, ე.წ საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობასთან ახსნა-განმარტებითი სამუშაოების ჩატარებისკენ, რაც მიზნად ისახავს ე.წ სასაზღვრო კანონმდებლობის დარღვევის პრევენციას.
დე ფაქტო რესპუბლიკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ქართული სოფლების მიმართულებით, საოკუპაციო ხაზზე ცხოველების გადაყვანის შემთხვევები ბოლო დროს ძალიან გაიზარდა.
„ბოლო დროს გაიზარდა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის შინაური ცხოველების საქართველოს ტერიტორიაზე გადაყვანის და საძოვრებზე გაშვების შემთხვევები, რაც ქმნის ცხოველების დაავადებების და პათოგენების საპირისპირო მიმართულებით გადატანის რისკებს,” – ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში, რომელსაც რადიო თავისუფლება ავრცელებს.
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეები ხშირად ე.წ გამშვები პუნქტების გვერდის ავლით, შემოვლითი გზებით საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოდიან და ამგვარად დროს და ხარჯებს ზოგავენ. ისინი თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე ჯანდაცვის სერვისების მისაღებად, სავაჭროდ და ნათესავების მოსანახულებლად მიდიან.
დე ფაქტო მთავრობის მიერ ყოველთვიურად გამოქვეყნებული სტატისტიკაც მოწმობს, რომ ე.წ მესაზღვრეები საოკუპაციო ხაზზე უფრო ხშირად იმ მოქალაქეებს აკავებენ, ვინც ქართული სოფლების მიმართულებით გადმოდის, თუმცა ყველას დაკავება მაინც ვერ ხერხება და ეს კარგად იციან დე ფაქტო ხელისუფლებაში. გასულ წლებში საოკუპაციო რეჟიმი და დე ფაქტო ხელისუფლება თბილისში არსებულ ლუგარის ლაბორატორიას იყენებდა ამგვარი პროპაგანდისთვის, თითქოს, ამ ლაბორატორიიდან მომდინარეობდა ბიოლოგიური საფრთხე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებისთვის.