უნგრეთის პრეზიდენტი გადადგა

უნგრეთის პრეზიდენტი კატალინ ნოვაკი პოსტიდან გადადგა. ნოვაკი ვადაზე ადრე დაბრუნდა დოჰაში მიმდინარე ვიზიტიდან და მიმდინარე პროტესტის ფონზე განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს.

ნოვაკმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ბავშვთა სახლში განხორციელებული სექსუალური შევიწროების დაფარვაში მსჯავრდებულის შეწყალებას საზოგადოების პროტესტი მოჰყვა.

„მე შეცდომა დავუშვი. შეწყალების გადაწყვეტილებას და დაუსაბუთებლობას, შესაძლოა, გამოეწვია ეჭვები. მე არასდროს შევიწყალებდი მას, ვინც სასტიკად ექცევა ბავშვებს. ბავშვთა დაცვა – ეს ჩვენი საერთო მოვალეობაა,” – განაცხადა ნოვაკმა ვიდეომიმართვისას. რაც შეეხება პრემიერ ვიქტორ ორბანს, ის საჯარო განცხადების დროს გამოვიდა მოწოდებით, რომ კონსტიტუციაში შევიდეს ცვლილებები, რომლებიც შეუძლებელს გახდის ბავშვებზე მოძალადეთა შეწყალებას.


46 წლის ნოვაკი პარლამენტმა 2022 წელს აირჩია. ის ერთდროულად იყო უნგრეთის ყველაზე ახალგაზრდა და პირველი ქალი პრეზიდენტი.

მანამდე ნოვაკს ოჯახების მინისტრის პოზიცია ეკავა.