უკრაინა 40 დრონის ჩამოგდების შესახებ იუწყება

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსულმა ძალებმა წუხელ უკრაინის ტერიტორიის მიმართულებით „შაჰედის“ ტიპის 45 დრონი გაუშვეს, უკრაინულმა ძალებმა, საბრძოლო მოქმედებების შედეგად, 40 დრონი ჩამოაგდეს.


კერძოდ, დრონები განადგურდა კიევის, ვინიცას, ჟიტომირის, კიროვოგრადის, მიკოლაივის, ჩერკასის, ოდესის, დნეპროპეტროვსკის და ხერსონის ოლქებში.

საჰაერო თავდასხმის მოგერიებაში მონაწილეობდნენ საზენიტო-სარაკეტო ძალების ქვედანაყოფები, საჰაერო ძალების და უკრაინის თავდაცვის ძალების მობილური საცეცხლე ჯგუფები და რადიოელექტრონული საბრძოლო აღჭურვილობა.