იაპონია უკრაინას აღდგენისთვის 106 მილიონ დოლარს დაჰპირდება - მედია

იაპონია უკრაინას აღდგენის 106 მილიონ აშშ დოლარს დაჰპირდება, მათ შორის, განაღმვისა და ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის. ამის შესახებ Kyodo News წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, გადაწყვეტილება იაპონიის ჩართულობის შესახებ, სავარაუდოდ, 19 თებერვალს, ტოკიოში იაპონია-უკრაინის ეკონომიკური აღმშენებლობის კონფერენციაზე გახდება ცნობილი. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს 100-მდე ბიზნესი იაპონიიდან და უკრაინიდან. კონფერენციაზე უკრაინა და იაპონია ასევე ხელს მოაწერენ 10-ზე მეტ თანამშრომლობის მემორანდუმს, იტყობინება Kyodo News.


7 იანვარს, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოკო კამიკავა კიევში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა და პირობა დადო, რომ 37 მილიონი დოლარი გამოიყოფა უკრაინისთვის დრონების საწინააღმდეგო აღჭურვილობის შესაძენად. თანხა NATO-ს ფონდში გადაირიცხება.


„იაპონია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ძლიერი პარტნიორია. დარწმუნებული ვარ, რომ ეს წელი მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ურთიერთობებისთვის," - განაცხადა მაშინ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.