აშშ-ის თავდაცვის მდივანი კვლავ კლინიკაში მოათავსეს

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი კვლავ ჰოსპიტალიზებულია. როგორც პენტაგონის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებაშია აღნიშნული, ლოიდ ოსტინს შარდის ბუშტთან დაკავშირებული მწვავე პრობლემა აღენიშნება. პენტაგონში აცხადებენ, რომ ლოიდ ოსტინის ჰოსპიტალიზაციის შესახებ თეთრი სახლი ინფორმირებულია.


„თავდაცვის მინისტრი უოლტერ რიდის სახელობის ეროვნულ სამხედრო სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს სიმპტომებით, რომლებიც მიუთითებენ შარდის ბუშტის პრობლემაზე. ის ჯერ კიდევ საავადმყოფოში იმყოფება და მკურნალობა უტარდება,“ - აღნიშნულია პენტაგონის განცხადებაში.

ლოიდ ოსტინმა ფუნქციები და მოვალეობები თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, კეტლინ ჰიქსს გადასცა.


შეგახსენებთ, გასული წლის ბოლოს ლოიდ ოსტინმა პროსტატის კიბოს ოპერაცია გაიკეთა. ახალი წლის დღეებში პროცედურასთან დაკავშირებული გართულებების გამო ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავდაცვის ოფიციალურ პირებსა და ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას ოსტინის ჰოსპიტალიზაციის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ მისი საავადმყოფოში გადაყვანიდან მესამე დღეს მიაწოდეს. ამ ფაქტის გამო ოსტინმა ბოდიში მოიხადა.